2025 წლიდან იტალიაში, მილანში, მწეველებს, სიგარეტის მოსაწევად, სხვა ადამიანებისგან 10 მეტრის დაშორება მოუწევთ. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ამ წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 40-240 ევროს ოდენობით.

ქალაქში მოწევა აღარ არის შესაძლებელი ბევრ საზოგადოებრივ ადგილებში: პარკებში, სპორტულ მოედნებზე, სტადიონებზე, სათამაშო მოედნებზე, ძაღლების გასასეირნებელ ადგილებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და სასაფლაოებზე.

ახალი წლიდან მოწევა ყველა ქუჩაზე აიკრძალება, თუ იქ სხვა ხალხი იმყოფება.

ახალი წესი ელექტრონულ სიგარეტებს არ შეეხება.

მოწევა ევროკავშირში ნაადრევი სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ყოველწლიურად 700 ათასი ადამიანი იღუპება. ქვეყნები მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად სხვადასხვა გზას მიმართავენ - მაგალითად, ნიდერლანდებში გეგმავენ ფილტრიანი სიგარეტის აკრძალვას, ბელგიაში კი სუპერმარკეტები თამბაქოს ნაწარმის გაყიდვას 2025 წლიდან შეწყვეტენ.