საუდის არაბეთი ემზადება, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავსა და ოქროს ბურთის 7-გზის მფლობელ ლიონელ მესის, ამ ზაფხულიდან, საუდის არაბეთის პრო ლიგაში სათამაშოდ, რეკორდული $400 მილიონიანი წლიური კონტრაქტი შესთავაზოს. ამის შესახებ Telegraph-ი და Bloomberg-ი წერენ.

ხელმოწერის შემთხვევაში, გარიგება, რომელსაც მესის მამა აწარმოებს, ბევრად აღემატება 200 მილიონ დოლარიან კონტრაქტს, რომელსაც ოქროს ბურთის 5-გზის მფლობელმა და მესის დიდი ხნის კონკურენტმა კრიშტიანო რონალდუმ მოაწერა ხელი, საუდის არაბეთში 2025 წლის ზაფხულამდე სათამაშოდ.

მესი, რომელიც არგენტინასთან ერთად, დეკემბერში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა, წინა სამშაბათს მისმა ამჟამინდელმა კლუბმა, პარი სენ-ჟერმენმა, საუდის არაბეთში კლუბის ნებართვის გარეშე გამგზავრების გამო, ორი კვირით დაასანქცირა. მესი საუდის არაბეთის ელჩია ტურიზმის სფეროში.

მესი ადრე დათანხმდა პსჟ-ში დარჩენას, მაგრამ დისციპლინური სასჯელის შემდეგ, ის არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს, რომელსაც ვადა ზაფხულში ეწურება, - წერს სააგენტო.

იმავდროულად, წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა Marca წერს, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე სიტყვიერი შეთანხმების მიუხედავად, მესი ახლა პსჟ-ს პროექტს არასაკმარისად ამბიციურ და კონკურენტუნარიანად მიიჩნევს.

იმის შესახებ, რომ მესისთვის კარიერის გაგრძელების ყველაზე სავარაუდო ვარიანტი საუდის არაბეთია, L'Equipe-იც წერს.