ესპანეთის ნაკრებთან 2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ უპასუხა.
„აქ ყოფნით ბედნიერები ვართ. მეექვსე ევრობასკეტზე ვიმყოფებით და ეს ისეთი მიღწევაა, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ.
ყოველთვის საოცარი გრძნობაა, როდესაც უცხო არენებზე ქართველ გულშემატკივრებს ხედავ – ნაცნობი სახეები, ჩვენი დროშა, სითბო, რომელსაც ისინი გასცემენ. ეს განსაკუთრებულ ძალას გვაძლევს და გვიბიძგებს, მაქსიმუმი გავაკეთოთ მიზნების მისაღწევად.
ვიცი, ბევრს აწუხებდა ჩემი ჯანმრთელობის თემა. მინდა, ყველა დავამშვიდო – მადლობა ღმერთს, ყველაფერს ვაკონტროლებთ. მართალია, იდეალურ კონდიციაში ჯერ არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, მაქსიმალურად კარგად მოვემზადო და იმ დონეზე ვიყო, რომ გუნდს რეალურად დავეხმარო. მოკლედ, ყველაფერი სტაბილურადაა და პროგრესი ნელ-ნელა იგრძნობა.
ცხადია, ესპანეთის ნაკრების თამაშის ანალიზი მნიშვნელოვანია, მათ ჰყავთ ძალიან ძლიერი კალათბურთელები, მათ შორის ისინიც, ვისთან ერთადაც საკლუბო დონეზე მიწევს თამაში. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას.
რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებ ფორმაში ჩადგომას. არ მინდა, გუნდს ტვირთად დავაწვე, რადგან ორი კვირის განმავლობაში ვერც ვვარჯიშობდი და მხოლოდ სამი სრული სესია ჩავატარე ესპანეთთან თამაშამდე.
ახლა ყველაფერს ვაკეთებ, რომ თანდათან ფორმაში შევიდე და მაინც შევძლო გუნდის დახმარება. მეტოქე ურთულესია – ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი უპირატესობები, რაზეც თამაში უნდა ავაგოთ“, – განაცხადა შენგელიამ.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.