ამერიკელი მეცნიერები მერი ბრანკოუ და ფრედ რამსდელი, აგრეთვე იაპონელი შიმონ საკაგუჩი 2025 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ მედიცინის დარგში „პერიფერიულ იმუნური გამძლეობის სფეროში გაკეთებული აღმოჩენებისთვის“.

„მათმა აღმოჩენებმა საფუძველი ჩაუყარა კვლევის ახალი მიმართულების განვითარებას და სტიმული მისცა მკურნალობის მეთოდების შემუშავებას კიბოსა და აუტოიმუნური დაავადებებისთვის“, - ნათქვამია პრემიის მიმნიჭებელი ორგანოს განცხადებაში.

მედიცინის დარგში გამარჯვებულები შვედეთში, კაროლინსკას ინსტიტუტის სამედიცინო უნივერსიტეტის ნობელის ასამბლეამ გამოავლინა. ისინი მიიღებენ პრიზს 11 მილიონი შვედური კრონის (1,001,458.48 ევრო) ოდენობით, ასევე ოქროს მედალს, რომელსაც მათ შვედეთის მეფე გადასცემს.

ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის წინა ლაურეატებს შორის არის ისეთი ცნობილი მეცნიერი, როგორიცაა ალექსანდერ ფლემინგი, რომელმაც პრემია 1945 წელს პენიცილინის აღმოჩენისთვის დაიმსახურა. ბოლო წლებში პრემიით დაჯილდოვდნენ მნიშვნელოვანი აღმოჩენების ავტორები, მათ შორის ისინი, ვისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავება.

გასულ წელს მედიცინის დარგში პრემია მიენიჭათ ამერიკელ მეცნიერებს, ვიქტორ ამბროსსა და გარი რავკანს მიკრო რნმ-ის (რიბონუკლეინის მჟავა) აღმოჩენისა და მისი ფუნდამენტური როლის დადგენისთვის მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ზრდის საქმეში, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა იმის გარკვევა, თუ როგორ ყალიბდებიან სხვადასხვა ტიპის უჯრედები.

ტრადიციისამებრ, მედიცინის სფეროში ლაურეატების დასახელებით იხსნება ნობელის პრემიების კვირეული, რომელიც, სავარაუდოდ, ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მეცნიერების, ლიტერატურის, მშვიდობისა და ეკონომიკის დარგებში. დანარჩენი ლაურეატები მომდევნო დღეებში გამოცხადდებიან.

ნობელის პრემია შვედმა ქიმიკოსმა, ინჟინრმა და მრეწველმა, ალფრედ ნობელმა დააფუძნა. მისი სურვილით, ჯილდოები იმ პიროვნებების აღიარებისთვის გაიცემა, რომლებმაც კაცობრიობას დიდი სამსახური გაუწიეს.

ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა მეცნიერებაში, ლიტერატურასა და მშვიდობის დარგში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის.

მოგვიანებით, მას დაემატა პრემია ეკონომიკის დარგში, რომელსაც შვედეთის ცენტრალური ბანკი, „რიკსბანკი“, აფინანსებს.

დინამიტის გამომგონებელმა თავისი სურვილი გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1895 წელს პარიზში შედგენილ ანდერძში ჩაწერა, პრემიები კი პირველად 1901 წელს გაიცა.

დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს, პრემიის დამფუძნებლის გარდაცვალების დღეს იმართება.

გამარჯვებულებს სხვადასხვა ინსტიტუტის ექსპერტთა კომიტეტები ირჩევენ. ყველა პრემია სტოკჰოლმში გაიცემა, გარდა მშვიდობის პრემიისა, რომელსაც ოსლოში გადასცემენ, რაც, შესაძლოა, ნობელის სიცოცხლის პერიოდში შვედეთსა და ნორვეგიას შორის არსებული პოლიტიკური კავშირის გამოხატულებას წარმოადგენს.

შექმნიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ნობელის პრემიები კვლავ ტრადიციებითაა გაჟღენთილი. კულმინაციას წარმოადგენს დაჯილდოვებას ცერემონია, რომლებსაც შვედეთისა და ნორვეგიის სამეფო ოჯახები ესწრებიან და ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს (10 დეკემბერი) გამართული მდიდრული ბანკეტით სრულდება.

კაცი, რომელიც უდაბნოს პირას, ლტოლვილთა ოჯახში დაიბადა, დღეს კაცობრიობას სთავაზობს ტექნოლოგიას, რომელსაც სასმელი წყლის მიღება მშრალი უდაბნოს ჰაერიდან შეუძლია, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.

მთელი ოჯახი პატარა, ერთოთახიან სახლში ცხოვრობდა, სადაც ადამიანების გარდა, შინაურ ცხოველებს, მათ შორის, ძროხებსაც ეძინათ. ისინი წმინდა მიწიდან დევნილები იყვნენ. ზამთრის ერთ გრძელ ღამეს, იქ, სიღარიბეში, ბიჭი დაიბადა.

ეს ამბავი ორი ათასი წლის წინ ბეთლემში კი არა, 1965 წელს, იორდანიის დედაქალაქ ამანში მოხდა. ბიჭს ომარ მვანეს იაგი დაარქვეს.

„ძალიან მოკრძალებულ პირობებში გავიზარდე, თორმეტი ადამიანი ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობდით, რომელსაც ჩვენს საქონელთან ვიყოფდით. ლტოლვილთა ოჯახში დავიბადე და ჩემს მშობლებს წერა-კითხვა თითქმის არ შეეძლოთ. მამაჩემს, მგონი, ექვსი კლასი ჰქონდა დამთავრებული, დედაჩემმა კი წერა-კითხვა საერთოდ არ იცოდა“,- ომარ იაგი

მისი ოჯახი, რომელიც იორდანიის დედაქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა, ქვეყანაში ერთ-ერთი უღარიბესი იყო. პალესტინელ ლტოლვილებს არასდროს უცხოვრიათ კარგად, მაგრამ 1970-იანი წლების დასაწყისში, ექვსდღიანი ომის შემდეგ, მათი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. იაგის ოჯახს სახლში ელექტროენერგიაც კი არ ჰქონდა, სასმელ წყალზე წვდომა კი შეზღუდული იყო. ალბათ, უკვე მაშინ ხვდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანია წყალი და როგორი რთულია ცხოვრება მისი დეფიციტის პირობებში.

ახლა კი დროა, დღევანდელობაში, 2025 წლის 7 ოქტომბერში გადმოვინაცვლოთ: ომარ იაგის ნობელის პრემია მიენიჭა ქიმიური პროცესისთვის, რომელიც შესაძლებელს ხდის ჰაერიდან წყლის მიღებას.

ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა მეცნიერებს მასალის შექმნისთვის, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს (ჩეხურ ენაზე)

გზა ქიმიისკენ

ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვისთვის ქიმიის შესწავლა პირველი არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა და ათ წლამდე იაგიმ არც კი იცოდა, რომ ეს სფერო საერთოდ არსებობდა. და ეს იმის მიუხედავად, რომ თავად სიტყვა მის მშობლიურ არაბულ ენაში წარმოიშვა.

როგორც მოგვიანებით მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში იხსენებს, სკოლა უყვარდა. ეს მისთვის იყო ოაზისი, სადაც თავისი ცხოვრების უდაბნოსგან თავშესაფარს პოულობდა - რეალობაშიც, ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტი სწორედ იმ ქალაქის გარეთ იწყებოდა, სადაც ის გაიზარდა. თავის „საინტერესო“ ისტორიის ათვლის წერტილად იაგი დაახლოებით ათი წლის ასაკში სკოლის ბიბლიოთეკაში ვიზიტს ასახელებს.

როდესაც ის ბიბლიოთეკაში არასამუშაო საათებში შეიპარა, თაროდან ის წიგნი ჩამოიღო, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელში. მისმა ყავისფერმა თვალებმა საოცარ, მაგრამ იმ დროისთვის სრულიად გაუგებარ სურათებზე შეაჩერა მზერა. იქ ერთმანეთთან დაკავშირებული ფერადი ბურთულები ეხატა. ეს ქიმიის სახელმძღვანელო იყო. იაგის ფიზიკის სახელმძღვანელო რომ ჩამოეღო, შესაძლოა, 2025 წელს ნობელის პრემიის მფლობელი სხვა დარგში გამხდარიყო, რადგან მისი მრავალმხრივი სამეცნიერო ნიჭი სკოლაშივე აშკარა იყო.

„ქიმიის სილამაზე ისაა, რომ თუ მატერიის ატომურ და მოლეკულურ დონეზე მართვას ისწავლი, უზარმაზარ პოტენციალს შეიძენ“,- ომარ იაგი

„მინიმუმ ასი ციტატა“

სწორედ ამ მიზეზით და მამის დაჟინებული თხოვნით, იაგი, სულ რაღაც 15 წლის ასაკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ქიმია მას ხიბლავდა, განსაკუთრებით კი მისი უნარი, შეექმნა სრულიად ახალი ნივთიერებები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობდა და რომელთა თვისებებზეც ადამიანები მხოლოდ ოცნებობდნენ. ის შრომისმოყვარე და ნიჭიერი იყო და იცოდა, რას ნიშნავდა სიღარიბე. სკოლის კურსი უპრობლემოდ გაიარა და სამეცნიერო კარიერა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო.

„ვოცნებობდი, ერთი სტატია მაინც გამომექვეყნებინა, რომელსაც ასი ციტირება ექნებოდა“, - იხსენებდა ის ნობელის კომიტეტთან ინტერვიუში ამ წლის დასაწყისში. „ახლა კი ჩემი სტუდენტები ამბობენ, რომ ჩვენს ჯგუფს უკვე 250 000-ზე მეტი ციტირება აქვს“. პროფესიული კარიერის უმეტესი ნაწილი მან ბერკლიში, კალიფორნიაში გაატარა, სადაც უამრავ სამეცნიერო პროექტში იყო ჩართული.

სწორედ იქ შეხვდა ის ცნობილ ჩეხ ქიმიკოსს, ფრანტიშეკ შვეცს, რომელმაც ის ჩეხეთის ტელევიზიით გამოსვლის დროს გაიხსენა. „ომარი ნამდვილად ის ადამიანია, რომელიც ისეთ რამეებს იგონებს, გაოცებული რომ დარჩები“, - თქვა მან წლევანდელ ლაურეატზე.

სასწაულმოქმედი მოლეკულები

კარიერის დასაწყისიდანვე იაგი მასალების წარმოების ზუსტ გზებს ეძებდა. მისი მიზანი იყო, სხვადასხვა ქიმიური კომპონენტი ისეთივე მარტივად შეეერთებინა, როგორც მშენებლობის დროს აგურების წყობა.

თავიდანვე ნათელი იყო, რომ უკიდურესად რთულ ამოცანასთან ჰქონდა საქმე, მაგრამ საბოლოოდ წარმატებას მაინც მიაღწია, როდესაც მისმა კვლევითმა ჯგუფმა ლითონის იონებისა და ორგანული მოლეკულების შეერთება დაიწყო. 1995 წელს იაგიმ შექმნა ორი სხვადასხვა ორგანზომილებიანი მასალის სტრუქტურა, რომლებიც ქსელებს ჰგავდა და სპილენძით ან კობალტით იყო დაკავშირებული. ამ უკანასკნელს თავის განყოფილებებში მოლეკულების მოთავსება შეეძლო და როდესაც ეს განყოფილებები სრულად ივსებოდა, ის იმდენად სტაბილური იყო, რომ 350 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელებას უძლებდა ისე, რომ არ იშლებოდა.

იაგიმ ამ მასალის შესახებ კვლევა პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნა. ის პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც შემოიღო ტერმინი „მეტალ-ორგანული კარკასი“ (ან MOF), რომელიც დღესაც გამოიყენება.

იაგის მასალას ერთი შესანიშნავი თვისება ჰქონდა: თავის შიგნით, საკუთარი სტრუქტურის წყალობით, უზარმაზარ ზედაპირს ფარავდა. რამდენიმე წლის შემდეგ, მან ის კიდევ უფრო გააუმჯობესა, რისი შედეგიც იმ დროის მეცნიერებისთვის სასწაულს ჰგავდა - რამდენიმე გრამ ნივთიერებას, სახელად MOF-5-ს, საფეხბურთო მოედნისხელა ზედაპირი ჰქონდა, რაც ნიშნავდა, რომ მას ნებისმიერ სხვა მასალაზე გაცილებით მეტი აირის შთანთქმა შეეძლო.

უდაბნოში დაბრუნება

იაგი ამერიკიდან იორდანიის უდაბნოებში არასდროს დაბრუნებულა. მაგრამ მისი ნაშრომი იქ მაინც ბრუნდება - რამდენიმე წლის წინ, იორდანიის ვადი-რუმის უდაბნოში ცნობილი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის, „დიუნის“ მიხედვით, ფილმი გადაიღეს. მისი პერსონაჟები იყენებენ ტექნოლოგიას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, უდაბნოს ჰაერიდან სინოტივე ამოიღონ და ამის წყალობით, კოსმოსის ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილას გადარჩნენ.

და ეს სწორედ ის ტექნოლოგიაა, რომელიც იაგიმ შექმნა. „ჰაერიდან წყლის მიღება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, წლის ნებისმიერ დროს, ტენიანობის დონის მიუხედავად და ნახშირბადის კვალის გარეშე შეგიძლიათ“, — განუცხადა მან „ბლუმბერგს“ 2014 წელს, როდესაც Atoco დააარსა.

იაგიმ MOF-ის პრინციპზე დაფუძნებული პატარა, ხელის მოწყობილობა შექმნა, რომელიც მზის სითბოს ჭიქაში წყლის კონდენსირებისთვის იყენებს. პროტოტიპი კარგად მუშაობს და კომპანია ახლა ტექნოლოგიის მასშტაბის გაზრდას ცდილობს, რათა რამდენიმე მილილიტრის ნაცვლად, მოწყობილობამ ჰაერიდან მრავალი ლიტრი ან ჰექტოლიტრი სითხეც კი ამოიღოს.

ადამიანი და მანქანა

ზემოხსენებულ „დიუნის“ საგას მოაზროვნე მანქანების შიში აერთიანებს. იაგის კი ხელოვნური ინტელექტის არ ეშინია. პირიქით, ბოლო წლებში ის ქიმიაში მისი მთავარი მხარდამჭერი გახდა.

ვებსაიტ Chemistry World-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, იწინასწარმეტყველოს და ასახოს სტრუქტურების ის უზარმაზარი სივრცე, რომელიც მოლეკულების სხვადასხვა კომბინაციით წარმოიქმნება. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვნად აჩქარებს გამოსაყენებელი ნივთიერებების იდენტიფიცირებას და რესურსებს ზოგავს.

„ხელოვნური ინტელექტი, მეცნიერებაში გამოყენების თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკშია, მაგრამ ვფიქრობ, ამ მიმართულებით ექსპერიმენტები უნდა განვაგრძოთ. უნდა ვითანამშრომლოთ კომპიუტერულ მეცნიერებებში მომუშავე ჩვენს კოლეგებთან, დავეხმაროთ მათ, გაიგონ, როგორ ხდება აღმოჩენები ქიმიაში, და ამით უზრუნველვყოთ, რომ ის მოდელები დაიხვეწოს, რომლებიც ქიმიის წინსვლას შეუწყობენ ხელს“, - განაცხადა მან.

წყარო: 1 არხი