ცოტა ხნის წინ SpaceX-ის, Tesla-ს, Starlink-ისა და X-ის აღმასრულებელი დირექტორი გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლას გამოეხმაურა და X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გერმანულად დაწერა, რომ კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის, სოციალ-დემოკრატების (SPD) ლიდერი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი "სულელია". 

ამის შესახებ ერთ-ერთ პრესბრიფინგზე ჟურნალისტმა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერს, ქრისტიანა ჰოფმანს დაუსვა შეკითხვა, თუ რას ფიქრობდა იმ ფაქტზე, რომ "მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა კაცმა [ილონ მასკმა] გერმანიის კანცლერს "სულელი" უწოდა".

"X-ი სულელების სამეფოა" - თქვა მთავრობის პრესსპიკერმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. 

ცნობისთვის, გუშინ, 7 ნოემბერს გავრცელდა ცნობები, რომ გერმანიის მმართველი შუქნიშნის კოალიცია, რომელიც სამი პარტიისგან: გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), თავისუფალი დემოკრატებისა (FDP) და მწვანეებისგან შედგებოდა, დაიშალა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრსა და კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის ლიდერს, ქრისტიან ლინდნერს ეკონომიკურ რეფორმებზე მუდმივი უთანხმოებების გამო თანამდებობიდან ათავისუფლებდა. 

ლინდნერის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) მოთხოვნებს გარკვეული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ კოალიციის დანარჩენი ორი წევრი პარტია - შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია და "მწვანეები" არ დათანხმდნენ.

6 ნოემბრის საღამოს, კანცელარიაში კოალიციის წევრი პარტიების ლიდერების შეხვედრაზე, ლინდნერმა შოლცს განუცხადა, რომ იგი ვერ ხედავდა კოალიციის გაგრძელების გზას და მას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

ამის გამო, გამოცემა Politico-ს ცნობით, შოლცმა ლინდნერის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. 

წყარო: ტაბულა