მარტივი ექსპოზიციის ეფექტმა, რომელიც 1993 წელს აღმოაჩინეს, მარკეტინგში ერთგვარი გარღვევა მოახდინა და ამ მარკეტინგული ხერხის გამოყენებით Red Bull-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ენერგეტიკული სასმელი გახდა.
1980-იან წლებში, როდესაც Red Bull შემოვიდა ბაზარზე, ახალი ბრენდები 90% ბაზარზე წარმატებას ვერ აღწევდა. ამის მიუხედავად, ბრენდის ღირებულებისა და შემოსავლის კატეგორიაში დღეს Red Bull-ი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
როგორ მიაღწია Red Bull-მა წარმატებას?
ყველაფერი ლონდონის ქუჩებში დაიწყო. რამდენიმე თვის განმავლობაში Red Bull-ის გუნდმა ქალაქის ურნები და ღამის კლუბები ცარიელი Red Bull-ის ქილებით აავსო. მარტივი ექსპოზიციის ეფექტით გამოყენებით მარკეტერებს ენერგეტიკული სასმლის პოპულარობის ილუზიის შექმნა სურდათ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი შეამჩნევდა ცარიელ ქილებს, მით უფრო მაღალი იქნებოდა გაყიდვები.
გეგმამ იმუშავა. გაყიდვები გაიზარდა და Red Bull-ი ლონდონის, მოგვიანებით კი მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ენერგეტიკული სასმელი გახდა.