მალტა ინვესტიციების სანაცვლოდ “ოქროს ვიზებს” აღარ გასცემს. პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის მიღება თანხის დაბანდების სანაცვლოდ აღარ იქნება შესაძლებელი და ის დამოკიდებული იქნება ქვეყანაში მცხოვრები უცხოელი პირის საქმიანობასა და გამოცდილებაზე.

არსებული კანონმდებლობის შეცვლა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული, რომლის თანახმადაც, “ოქროს პასპორტების” გაცემამ უკონტროლო სახე მიიღო და იქცა ევროკავშირის სიკეთეებით სარგებლობის შავ ხვრელად. სწორედ სასამართლოს მოთხოვნა იყო კანონმდებლობის შეცვლა. საპარლამენტო განხილვები დღეს, 23 ივლისს დაიწყება.

სასამართლოს ევროკომისიამ 2022 წელს მიმართა სქემის გამო, რომელიც უცხოელებს აძლევს მალტის პასპორტს და, შესაბამისად, უფლებას იცხოვრონ და იმუშაონ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, დაახლოებით 1 მილიონი ევროს (1,14 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიციის სანაცვლოდ. ამას წინ უძღოდა მოლაპარაკებები მალტასთან, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. პროგრამის შესახებ სამართალდარღვევის პროცედურა ევროკომისიის მიერ 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, მაგრამ ხელშესახები ცვლილებები არ მოჰყოლია.

მალტას არაერთხელ განუცხადებია, რომ ის სწორია ევროკავშირის ხელშეკრულებების ინტერპრეტაციაში. მან შეაჩერა პროგრამა რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ განაგრძო სქემის მოქმედება სხვა ქვეყნებისთვის.

bm.ge