ლონდონში, ქვეყანაში პირველი ბრუტალისტური არქიტექტურის მუზეუმი გაიხსნება: გალერეა განთავსდება Acland Burghley–ს სკოლის სააქტო დარბაზში, რომელიც აშენდა 1968 წელს ბრუტალიზმის სტილში და აღიარებულია, როგორც არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა.
აქამდე მუზეუმი მხოლოდ ონლაინ ფორმატში არსებობდა, ახლა კი მას მუდმივი ფიზიკური სივრცე ექნება. შენობის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელია არქიტექტურული ფირმა Reed Watts. პროექტი მოიცავს დაზიანებული ნაგებობების აღდგენას, ორიგინალური ელემენტების შეკეთებას და წვდომის გაუმჯობესებას - ახალი შესასვლელებისა და ნავიგაციის სისტემების დამონტაჟების ჩათვლით.
პროექტის საერთო ღირებულება 1.3 მილიონ დოლარს აღემატება, რომელიც ნაწილობრივ კამდენის რაიონის საბჭოს მიერ არის გამოყოფილი, ნაწილობრივ კი კერძო და სახელმწიფო გრანტებით.