BMW-ის აღმასრულებელი დირექტორი მილან ნედელკოვიჩი, ჩინეთიდან ევროპულ ბაზარზე დაბალფასიანი ავტომობილების იმპორტის საკითხის მოსაგვარებლად დამატებითი ტარიფების დაწესების ნაცვლად, ნებაყოფლობითი შეთანხმებების გაფორმებას ემხრობა. ამის შესახებ ნედელკოვიჩმა გერმანულ გამოცემა FAZ-თან ისაუბრა.

ზოგიერთი ჩინური ავტომობილი ევროპაში ისეთ ფასად იყიდება, რომ ბიზნესლოგიკით ამის ახსნა რთულია“, — განაცხადა BMW-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისი თქმით, ასეთი პრაქტიკა ევროპაში პროტექციონისტული მიდგომების გაძლიერების რისკს ზრდის.

როგორც Reuters-ი წერს, ევროკავშირი ამ ეტაპზე, ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტის შემცირების მიზნით, სხვადასხვა ზომას განიხილავს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთთან არსებული სავაჭრო დეფიციტი „არამდგრადად“ შეაფასა.

ევროპის საავტომობილო ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი და პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტის ზრდა ადგილობრივ მწარმოებლებზე წნეხს აძლიერებს და მათი საბაზრო წილის შემცირების რისკს ზრდის. ამიტომ ისინი ევროკავშირს დამატებითი სავაჭრო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებენ. მათ შორის საუბარია, ჩინეთიდან იმპორტირებულ plug-in ჰიბრიდებზე ტარიფების გავრცელებასა და ავტომობილებში ადგილობრივი წარმოების კომპონენტების გამოყენების მოთხოვნაზე. 

ნედელკოვიჩის განცხადებით, ევროკავშირმა ჩინეთთან პოლიტიკური დიალოგი უნდა გამართოს, რათა ბაზარზე ფასების ფორმირების სამართლიან პრინციპებზე საერთო შეთანხმებას მიაღწიოს, რასაც კონკრეტული ზომები უნდა მოჰყვეს.

„დამატებითი ტარიფები კიდევ უფრო დიდი ჩარევა იქნებოდა, ამიტომ მხარს ვუჭერ სამართლიან პირობებზე დაფუძნებულ ნებაყოფლობით შეთანხმებებს. არავის ინტერესში არ შედის ესკალაცია“, — განაცხადა მან.

BMW-ს არაერთხელ გაუკრიტიკებია ევროკავშირის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე დაწესებული მოქმედი ტარიფები. გერმანული ავტომწარმოებელი ასევე მიუთითებდა, რომ მსგავსი ზომები სავაჭრო კონფლიქტის გაღრმავების რისკს შეიცავს.

BMW ჩინეთში სრულად ელექტრო Mini-ს აწარმოებს, რომელსაც სხვა ბაზრებზე, მათ შორის ევროპაში ექსპორტზე აგზავნის.