ლიეტუვას პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას უფროსი მრჩევლის განცხადებით, ლიეტუვასთან სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ძველ ფორმატში დაბრუნების საკითხის მიმართ ჩინეთი განსაკუთრებულ ინტერესს ჯერ არ იჩენს.
„ლიეტუვას ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ მას დიპლომატიური წარმომადგენლობების ძველ ფორმატში დაბრუნება სურს, რაც სავსებით ნორმალურია. ეს ამ ორი ქვეყანის ხელისუფლებების გადასაწყვეტი საკითხია“, - განაცხადა ასტა სკაისგირიტმა სამშაბათს, 18 თებერვალს რადიოსადგურ „Žinių Radijas“-თან ინტერვიუში.
„ასე რომ მოხდეს, იგივე სურვილი ჩინეთსაც უნდა გააჩნდეს, მაგრამ ოფიციალურ პეკინს, ჯერჯერობით, ამ საკითხის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუჩენია და სანამ ამას არ გააკეთებს, სტატუს-კვო, სავარაუდოდ, შენარჩუნდება“, - დასძინა მან.
მას შემდეგ, რაც ლიეტუვას ხელისუფლებამ ვილნიუსში ტაივანის წარმომადგენლობა გახსნა, ჩინეთმა 2021 წელს ლიეტუვასთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე დასწია და სავაჭრო შეზღუდვები შემოიღო.
ამჟამად ჩინეთის მისიას ვილნიუსში და ლიეტუვას მისიას პეკინში დროებითი რწმუნებულები ხელმძღვანელობენ და არა ელჩები.
ჩინეთის მიერ ლიეტუვასთვის სავაჭრო შეზღუდვების დაწესების გამო, ევროკომისიამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აღძრა საქმე, მაგრამ დავა ჩიხში შევიდა და ლიეტუვას პრემიერ-მინისტრის, გინტაუტას პალუცკასის თქმით, ის, შესაძლოა, უშედეგოდ დასრულდეს.
იანვარში პეკინმა მიანიშნა, რომ ლიეტუვასთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად არის.
„დიალოგის კარი ყოველთვის ღიაა და ჩინეთი მზად არის, ეძებოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან „ერთი ჩინეთის“ პრინციპის დაცვის ფარგლებში“, - აღნიშნა ჩინეთის მისიის მრჩეველმა ევროკავშირში, ფანგ მეიმ.
წყარო: 1 არხი