თბილისი დატვირთული ქალაქია — დატვირთული ფეხით მოსიარულეებით, მანქანებით და, კონკრეტულ ქუჩებზე, ტურისტებითაც. ბევრ სხვა ურბანულ პრობლემასთან ერთად, დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობაა — ობიექტების, რომლებიც დატვირთული ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ერთი შეხედვით შეუმჩნეველი პრობლემა, რეალურად, საკმაოდ დიდი დისკომფორტია. ტურისტებიც და ადგილობრივებიც, უმეტეს შემთხვევებში, ახლომდებარე კაფე-რესტორნებს, სასტუმროებს ან ბენზინგასამართ სადგურებს მიმართავენ ხოლმე. თუმცა ეს ხერხიც ყოველთვის გამოსავალი არ არის და ხშირად, მაგალითად, კაფეში საპირფარეშოთი სარგებლობისთვის, ადამიანები ყავას ან ჩაის ყიდულობენ.
თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დედაქალაქის მერიას მივმართეთ. გაირკვა, რომ ამ დროის მონაცემებით, მერიის მოვლა-პატრონობაში ასეთი არც ერთი ობიექტი არ არის. 2017-18 წლებში ქალაქში, 36 ადგილას, აუქციონით შერჩეულმა კერძო კომპანია,მ „სითი ბოქსმა“ ე. წ. რეტერატები დაამონტაჟა, თუმცა, დროთა განმავლობაში, ისინი დააზიანეს, გაანადგურეს და გამოყენება შეუძლებელი გახდა. კომპანიამ ობიექტები რამდენჯერმე აღადგინა, მაგრამ, როგორც თბილისის მერიაში ჯერ კიდევ 2023 წელს ამბობდნენ, ვანდალიზმის ფაქტები საკმაოდ ხშირი იყო. იმავე პერიოდში, კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ გამოსავლის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწვდიდა, თუმცა ამ თემას აღარ დაბრუნებია.
საზოგადოებრივი ტუალეტების შესახებ ინფორმაცია ვთხოვეთ თბილსერვის ჯგუფსაც, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებზეა პასუხისმგებელი. როგორც გვაცნობეს, მიწისქვეშა გადასასვლელებში ობიექტები იჯარითაა გაცემული და იქ საზოგადოებრივი ტუალეტების არსებობასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი მოიჯარეა. ასეთ ობიექტებზე სანიტარიული ნორმებისა და ელემენტარული ჰიგიენის დაცვაზე კი მოქალაქეებისა თუ ტურისტებისგან უკმაყოფილებას ხშირად მოისმენთ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პარკების რეაბილიტაციის შედეგად, თბილისის მერიამ ასეთ ლოკაციებზე საზოგადოებრივი ტუალეტების არსებობა და ფუნქციონირება ნამდვილად უზრუნველყო. ამის კარგი მაგალითია ვაკის ან თუნდაც მზიურის პარკი. თუმცა, ცხადია, მიუხედავად ამისა, დედაქალაქის საკმაოდ დიდი ნაწილი სუფთა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტუალეტის გარეშეა დარჩენილი.
ცხადია, თბილისის გარდა უამრავი ქალაქი დგას მსგავსი გამოწვევის წინაშე. მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც ყოველწლიურად ბევრად მეტი ტურისტი სტუმრობს. ამ თემაზე ხშირად აქვთ პრეტენზია, მაგალითად, რომისა და ბარსელონას სტუმრებს. მაგრამ ზოგიერთი ქალაქის მთავრობისთვის ასეთი მინიმალური კომფორტის შექმნა მნიშვნელოვანია და, ყველგან თუ არა, ქალაქის ცენტრალურ უბნებში მაინც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი ტუალეტის გამართულ ფუნქციონირებას.
ვენა
სხვა ბევრ დადებით მხარესთან ერთად, ავსტრიის დედაქალაქი კარგად მოვლილი საზოგადოებრივი ტუალეტებითაც არის ცნობილი. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ძველია, თუმცა ქალაქში შეხვდებით თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ საპირფარეშოებსაც.
სტოკჰოლმი
შვედეთის მთავრობამ საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემის მოგვარებისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიცია გაიმეტა. ქალაქში განთავსდა 42 ახალი თვითწმენდადი ტუალეტი, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე, დატვირთულობის გათვალისწინებით დაიდგა.
პარიზი
პარიზში კი 400 ასეთი ობიექტია — თანამედროვე და თვითწმენდადი. კარი მარტივად, ღილაკზე თითის დაჭერით იღება და ხელმისაწვდომია შშმ პირებისთვისაც.
ასეთი ტუალეტები ევროპულ ქალაქებში უფასო არ არის და ღირებულება 50 ცენტიდან 2 ევრომდე მერყეობს.
წყარო: UM.GE