6 ნოემბერს ამერიკული კომპანია Tesla-ს აქციონერებმა ილონ მასკისთვის, რომელიც კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერია (CEO), $1 ტრილიონის ოდენობის ანაზღაურების პაკეტი დაამტკიცეს, რაც ისტორიაში კორპორაციული ლიდერისთვის გადახდილი ყველაზე დიდი ზომის ანაზღაურებაა.
კომპანიის განცხადებით, ხმების 75%-მა მხარი დაუჭირა უპრეცედენტო ანაზღაურების გეგმას, რაც შესაძლებლობას მისცემს მასკს, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, რომ ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდეს და Tesla-ში საკუთარი წილი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 25%-მდე, ან კიდევ უფრო მეტად, გაზარდოს.
დამტკიცებული გეგმით მასკს შეეძლება, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში $1 ტრილიონის ღირებულების აქციები დააგროვოს, თუმცა, Reuters-ის ცნობით, სავალდებულო გადასახადების შემდეგ მათი ღირებულება $878 მილიარდამდე შემცირდება.
მასკს ახლა გარკვეული მიზნების მიღწევა მოუწევს, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს Tesla-ს საბაზრო ღირებულება, გამოაცოცხლოს მოსუსტებული საავტომობილო ბიზნესი და განავითაროს რობოტაქსისა და Optimus-ის რობოტექნიკის მიმართულებები.
ანაზღაურების საკითხზე კენჭისყრა კომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო მას შემდეგ, რაც მასკმა თანამდებობიდან შესაძლო გადადგომაზე ან სხვა კომპანიებისთვის უფრო მეტი დროის დათმობაზე მიანიშნა იმ შემთხვევაში, თუ Tesla-ზე უფრო ძლიერ კონტროლს არ მოიპოვებდა.
tabula.ge