უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვიდრე უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, უსაფრთხოების გარანტიების სახით აუცილებელია 800 000-იანი არმიის დაფინანსება.

„უკრაინის არმიის დაფინანსება, სულ მცირე, 800 000 ჯარისკაცით. ასე ვფიქრობ. თუ ჩვენ არ ვართ ნატო-ში, თუ ჯერჯერობით არ გვაქვს ასეთი უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ გვესმის, რომ ამ ეტაპზე შეერთებული შტატები და რამდენიმე ევროპული ქვეყანა წინააღმდეგია. ამიტომ ვხვდებით, რომ რეალურად, ნატო ჯერ არ არის, თუმცა ეს საკითხი მაგიდაზე იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სამართლიანი მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ კითხვაზე პასუხისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „დღეს უპირველესად საუბარია ყველას სურვილზე, აიძულონ პუტინი დაასრულოს ომის ცხელი ფაზა“.

„ეს იქნება რთული და ძალიან ხანგრძლივი სამუშაო, რადგან ის უნდა მიმდინარეობდეს ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.​​​​​​​​​

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხოლოდ ამერიკული ბიზნესის არსებობა უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა.

„აშშ-ში არსებობს ასეთი ლოგიკა: თუ ჩვენ შევდივართ იმ ობიექტებში, სადაც წიაღისეული მდებარეობს – ეს უსაფრთხოების გარანტიაა, რუსები იქ არ შევლენ, რადგან ეს ჩვენი ბიზნესია, ჩვენი კომპანიებია. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ რუსეთის შემოჭრამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამერიკულ კომპანიებს არ ემუშავათ. ეს არ იძლევა 100%-იან გარანტიას, რომ რუსები არ მოვლენ იქ, სადაც უკვე იყვნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ამერიკული კონტინგენტის შესახებ წინადადებები მოლაპარაკებების მაგიდაზე უნდა იდოს.

„ჩემი ლოგიკა ასეთია: თუ თვლით, რომ ეკონომიკური შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია, მაშინ რატომ არ განათავსებთ სამხედრო კონტინგენტს იქ, სადაც თქვენი ბიზნესი იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს კონცეფცია ამერიკელებს შესთავაზა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.​​​​​​​​​​

წყარო: 1tv.ge