ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ინტენსიური თოვის შედეგად განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24 საათიან საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები.

მისივე განმარტებით, გრძელდება გზებისა და ტროტუარების წმენდა, იყრება ტექნიკური მარილი. ქალაქის სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

გარკვეული შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, ხოლო ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე აღდგენილია. ასევე დაფიქსირდა წყალმომარაგების შეფერხება ცენტრალური წყალსადენი მილის დაზიანების გამო, თუმცა ამ ეტაპისთვის უწყვეტად მიეწოდება მოსახლეობას სასნელი წყალი.

„40 ერთეული სპეციალური ტექნიკა, მთელი ქალაქის მასშტაბით, ახორციელებს ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს. ამავდროულად, ქალაქს მუნიციპალური სამსახურების 500-ამდე თანამშრომელი ემსახურება.

ფიქსირდება 80-ამდე ხე-მცენარის დაზიანება, რაზეც დაუყოვნებლივ რეაგირებს გამწვანების სამსახური“, - წერს არჩილ ჩიქოვანი.