ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (ევროსტატი) მიერ 28 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირის მოსახლეობის 8.5%-ს 2024 წელს არ ჰქონდა საშუალება, ყოველ მეორე დღეს მიეღო ხორცის, თევზის ან მისი ვეგეტარიანული ალტერნატივის შემცველი საკვები. 2023 წლის მონაცემთან (9.5%) შედარებით, ეს მაჩვენებელი 1.0 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფ პირებში (19.4%), ვიდრე მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც სიღარიბე არ ემუქრება (6.4%).

სრულფასოვანი კვების შესაძლებლობას მოკლებული, სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ეროვნულ დონეზე, სლოვაკეთში (39.8%) დაფიქსირდა. მას მოსდევს ბულგარეთი (37.7%) და უნგრეთი (37.3%). მეორე მხრივ, ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია კვიპროსში (3.5%), ირლანდიასა და პორტუგალიაში (ორივეგან - 5.1%).

ამ მხრივ, ლატვიის მონაცემები შუალედურია და საკმაოდ ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან. ამ ქვეყნის მოსახლეობის 7.7%-ს არ აქვს საშუალება, ყოველ მეორე დღეს მიირთვას ხორციანი, თევზიანი კერძი ან მისი ვეგეტარიანული ალტერნატივის შემცველი საკვები, ხოლო სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 18%-მდე აღწევს.

შედარებისთვის, ლიეტუვაში ანალოგიური მონაცემები, შესაბამისად, 8.8% და 18.7%-ს შეადგენს, ხოლო ესტონეთში - 5.9%-ს და 12.7%-ს.

წყარო: 1 არხი