ლატვიაში იწყებენ რუსული ენის ამოღებას კომერციული ბანკების ბანკომატების ინტერფეისიდან 2025 წლის დასაწყისში. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ ლატვიის სეიმის პრესსამსახური იტყობინება.

11 სექტემბერს ლატვიის სეიმის საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტმა საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა კანონმდებლობაში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ლატვიის კომერციული ბანკები ვეღარ შეძლებენ რუსული ენის გამოყენებას ბანკომატების ინტერფეისში.

მომავალში, გარდა „ძირითადი“ სახელმწიფო ლატვიური ენისა, ბანკომატები შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან წევრობის კანდიდატების ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე, მაგრამ არა რუსულ ენაზე.

ვინაიდან ბანკებს გარკვეული დრო დასჭირდებათ ბანკომატების გადაპროგრამებისთვის, ცვლილებები ძალაში 2025 წლის 30 იანვრიდან უნდა შევიდეს. კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ წინადადება განიხილება სხდომათა დარბაზში.