ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ლიდერები ევროკავშირს რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვისკენ მოუწოდებენ.
წერილს, რომელიც ქვეყნებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს, ხელი მოაწერეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ და ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ.
„რუსეთი ბომბავს უკრაინის პორტებს და ხელს უშლის უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე მიწოდებას, ამავე დროს კი ცდილობს, ევროკავშირის გავლით საკუთარი მარცვლეულის ტრანსპორტირებით შემოსავალი მიიღოს. ჩვენმა ინფრასტრუქტურამ რუსეთს ომის დაფინანსებაში ხელი არ უნდა შეუწყოს. უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა აგრესორზე და დავეხმაროთ უკრაინას, საკუთარი პროდუქცია მსოფლიო ბაზრებზე გაიტანოს“, – განაცხადა კრისტენ მიხალმა.
წერილში ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინულ სატვირთო გემებზე, რკინიგზასა და სხვა მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებზე მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკის დასუსტებას. ამასთან, მათი განცხადებით, რუსეთი საკუთარი მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალ მარშრუტებს ეძებს, მათ შორის, ბალტიის ზღვის გავლით.