კანადის ძლიერი ტყის ხანძრის კვამლი აშშ-ის აღმოსავლეთის დიდ ნაწილში ჰაერს მნიშვნელოვნად აბინძურებს. ამ მხრივ ნიუ-იორკში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ნარინჯისფერი ნისლის გამო ნიუ-იორკში ფრენები გაუქმდა, სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. კვამლით დაიფარა ქალაქის ზოგიერთი ღირსშესანიშნაობა.
ქალაქში გადაადგილებისთვის სპეციალური ნიღბების ტარებაა საჭირო. ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა მოსახლეობის ნაწილს ნიღბები პირადად დაურიგა.
ოთხშაბათს ღამით ამერიკის შეერთებულ შტატებში ტყის ხანძრის კვამლისა და ოზონისგან ჰაერის დაბინძურების გაფრთხილება დაახლოებით 128 მილიონმა ადამიანმა მიიღო. მხოლოდ კვამლის გამო, 16 შტატში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი იყო განგაშის ზონაში.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა კანადას ხანძართან საბრძოლველად დამატებითი დახმარება შესთავაზა და ჰაერის დაბინძურების საკითხზე ისაუბრა. ამავე ინფორმაციით, აშშ-დან კანადის დასახმარებლად 600 მეხანძრე-მაშველია გაგზავნილი.
სამშაბათის მდგომარეობით, კანადაში ტყის ხანძრის 400-ზე მეტი აქტიური კერა იყო, რომელთაგან ამ დროისთვის 240 უკონტროლოა.


