ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. მედიის ინფორმაციით, საბჭო საფრანგეთმა, ბაჰრეინმა, ჩინეთმა, რუსეთმა და კოლუმბიამ მოიწვიეს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა საბჭოს წევრებთან გამოსვლაში სინანული გამოთქვა, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

"საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ხანია იზიარებს მარტივ და აუცილებელ პრინციპს: ირანს არ შეიძლება, ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ეს პრინციპი არაა პოლიტიკის საკითხი, ეს არის გლობალური უსაფრთხოების საკითხი და ამ თვალსაზრისით აშშ კანონიერ ნაბიჯებს დგამს.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ირანის წარმომადგენლის დასწრება ამ ორგანიზაციის დაცინვაა, მაგრამ სადაც გაეროს მორალური მკაფიოობა აკლია, ამას აშშ დაიცავს," - განაცხადა სხდომაზე ამერიკის წარმომადგენელმა. 

დიპლომატმა ირანიდან კი საერთაშორისო თანამეგობრობა ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.

"აშშ-მა და ისრაელმა ომის დანაშაული ჩაიდინეს. დარტყმებმა მიზანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ამოიღეს და სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში 100-ზე მეტი ბავშვი დახოცეს. დასანანია, რომ ამ ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი ღიად იზიარებს ორმაგ სტანდარტს, უგულებელყოფს აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული აგრესიის აშკარა აქტს და ირანს გმობს იმისთვის, რომ მან გამოიყენა გაეროს ქარტიით განსაზღვრული თავდაცვის საბაზისო უფლება," - თქვა ირანის წარმომადგენელმა. 

tvpirveli.ge