მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა გლობალური ფინანსური სექტორის მისამართით მორიგი მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა. მისი განცხადებით, ზოგიერთი ფინანსური ინსტიტუტი მოგების მისაღებად ისეთ „სულელურ ნაბიჯებს“ დგამს, რაც მას 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის წინა პერიოდს აგონებს.

დაიმონმა განსაკუთრებული ყურადღება კერძო კრედიტებისა და არარეგულირებადი ჩრდილოვანი საბანკო სექტორის ზრდაზე გაამახვილა, სადაც რისკების შეფასება ხშირად არაადეკვატურად ხდება და მთავრობას არც სათანადო კონტროლის მექანიზმები აქვს.

ამ შემთხვევაში, დაიმონის კრიტიკა უკავშირდება იმ აგრესიულ სტრატეგიებს, რომლებსაც საკრედიტო ფირმები მაღალი შემოსავლიანობის შესანარჩუნებლად მიმართავენ და კრედიტებს არასათანადო კანდიდატებზე გასცემენ.

მან აღნიშნა, რომ როდესაც ბაზარზე ზედმეტი ლიკვიდობაა და კონკურენცია მძაფრდება, ბევრი მოთამაშე კრედიტუნარიანობის სტანდარტებს ამცირებს, რაც სისტემურ საფრთხეებს ქმნის.

ამასთან, JPMorgan-ის ხელმძღვანელმა პარალელი გაავლო 2008 წლამდე არსებულ ვითარებასთან, როდესაც იპოთეკური სესხების ბაზარზე მსგავსი დაუდევრობა საბოლოოდ ფინანსური სისტემის კოლაფსით დასრულდა, რადგან ფინანსური ინსტიტუტები კრედიტებს ისეთ ადამიანებზე და კომპანიებზე გასცემდნენ, რომელთაც გადახდის შესაძლებლობა რეალურად არ ჰქონდათ.

დაიმონის თქმით, დღეს ყველაზე დიდი და საშიში „სპეკულაციური ბუშტი“ არა AI-სექტორში, არამედ საკრედიტო ინდუსტრიაშია, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს.

bm.ge