იმის განხილვას, თუ როდის და როგორ შეიძლება უკრაინა ალიანსის წევრი გახდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეები, ივლისში, ვილნიუსის სამიტზე უკრაინას მკაფიო მხარდაჭერის გზავნილს გაუგზავნიან და ეს სხვადასხვა გზით გამოიხატება.
„რაც შეეხება გაწევრიანების საკითხს, ველი, ნატო-ს მოკავშირეები იტყვიან, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ამის შესახებ რამდენჯერმე ითქვა. უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას, ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია. ნატო-ს მოკავშირეებმა კი უნდა გადაწყვიტონ წევრობის საკითხი და რა თქმა უნდა, ნატო-ს კარი ღია რჩება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ელის, რომ ალიანსი, ნატო-ში გაწევრიანების მიზნით უკრაინის დასახმარებლად მრავალწლიან პროგრამაზე შეთანხმდება.
„ველი, რომ შევთანხმდებით მრავალწლიან პროგრამაზე უკრაინისთვის, სადაც ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას საბჭოთა ეპოქის სტანდარტებიდან, დოქტრინებიდან და აღჭურვილობიდან ნატო-ს სტანდარტების დოქტრინებსა და აღჭურვილობაზე გადასვლაში და იმაში, რომ ნატო-სთან სრულად თავსებადი გახდეს. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ასევე ეხმარება მათ ნატო-ში გაწევრიანებისკენ წინსვლაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მიაჩნია, სამიტზე ყველა მოკავშირე განაცხადებს, რომ ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა.
„მტკიცედ მჯერა, ყველა მოკავშირე განაცხადებს, რომ რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა. ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი არ მოიგოს, რადგან იმის განხილვას, თუ როდის და როგორ შეიძლება უკრაინა ალიანსის წევრი გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა“, - აღნიშნა ალიანსის ხელმძღვანელმა.