ილონ მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის შესაძლო გაერთიანებას მხარი დაუჭირა – მას შემდეგ, რაც კოსმოსური რაკეტებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე კომპანიამ, აქციების საჯაროდ განთავსების შემდეგ, პირველი კვარტალური მოგება დააფიქსირა. SpaceX-მა 2026 წლის მესამე კვარტალში $4.4 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში $1.1 მილიარდის ზარალი ჰქონდა. კომპანიებმა აქციონერების მოთხოვნით დამოუკიდებელ დირექტორთა სპეციალური კომიტეტები შექმნეს, რომლებიც პოტენციურ გარიგებას შეაფასებენ.

მასკის განცხადებით, გაერთიანების შემთხვევაში Tesla-ს ელექტრომობილებისა და ავტონომიური მართვის მიმართულებები SpaceX-ის სატელიტურ კომუნიკაციებს, სარაკეტო ოპერაციებსა და ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამოთვლით ინფრასტრუქტურას შეერწყმება. თანამშრომლობის შესაძლო სფეროებს შორის მან ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა, ჩიპები, რობოტიკა და კოსმოსური გამოთვლითი ინფრასტრუქტურა დაასახელა.

ამ ეტაპზე კომპანიებს გარიგებაზე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. არც ტრანზაქციის პირობები და არც მისი შესაძლო განხორციელების ვადები გასაჯაროებულა. მასკი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ორივე კომპანიაში წილის ფლობის გამო ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. მისივე განმარტებით, გაერთიანებას Tesla-ს აქციების საერთო რაოდენობის უმრავლესობის მფლობელთა თანხმობა დასჭირდება და არა მხოლოდ იმ აქციონერების ხმების უმრავლესობა, რომლებიც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.

Stock Analysis-ის მონაცემებით, 2026 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, SpaceX-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $2.01 ტრილიონს, Tesla-სი კი $1.48 ტრილიონს შეადგენდა. შესაბამისად, კომპანიების გაერთიანების შემთხვევაში მათი ჯამური საბაზრო ღირებულება დაახლოებით $3.49 ტრილიონი იქნება.

Tesla-სა და SpaceX-ს შორის ფინანსური ურთიერთობა უკვე არსებობს. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) Tesla-ს მიერ წარდგენილი მეორე კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ავტომწარმოებელმა მარტში SpaceX-ის ჩვეულებრივ აქციებში $2 მილიარდი დააბანდა. ამ ინვესტიციით Tesla-მ SpaceX-ის 1%-ზე ნაკლები წილი შეიძინა.

გარდა ამისა, 2026 წლის პირველ ექვს თვეში Tesla-მ SpaceX-ისთვის Megapack-ის ენერგიის შენახვის სისტემების მიწოდებიდან $405 მილიონის შემოსავალი მიიღო. ამ გაყიდვებთან დაკავშირებული ხარჯები $307 მილიონს შეადგენდა.

SpaceX-ის ფინანსური შედეგები კომპანიის ბიზნესის სწრაფ ზრდაზე მიუთითებს. 2026 წლის მესამე კვარტალში მისმა შემოსავალმა წლიურად 161%-ით მოიმატა და $14.6 მილიარდს მიაღწია. საოპერაციო მოგებამ $2.8 მილიარდი, კორექტირებულმა EBITDA-მ კი $8.8 მილიარდი შეადგინა.

კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებამ, Super Intelligence-მა, კვარტალში $7.56 მილიარდის შემოსავალი მიიღო, წინა წლის ანალოგიური პერიოდის $813 მილიონთან შედარებით. ზრდას ხელი შეუწყო ღრუბლოვანი გამოთვლითი მომსახურების ხელშეკრულებებმა, Grok-ის გამოყენების გაფართოებამ და ხელოვნური ინტელექტის კოდის წერის კომპანია Cursor-ის შეძენამ. ამ მიმართულების საოპერაციო მოგებამ $431 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ $1.7 მილიარდის ზარალი დაფიქსირდა.

SpaceX-ის საოპერაციო მოგების უმსხვილეს წყაროდ კვლავ Starlink-ის Connectivity-ის მიმართულება რჩება. მესამე კვარტალში მან $5.25 მილიარდის შემოსავალი და $2.37 მილიარდის საოპერაციო მოგება გამოიმუშავა. Starlink-ის აბონენტების რაოდენობამ 13.6 მილიონს მიაღწია.

სექტემბრის ბოლოს SpaceX-ის გამოთვლითი სიმძლავრე 1.7 გიგავატს შეადგენდა, ერთი წლის წინ კი 0.6 გიგავატი იყო. მასკის თქმით, კომპანია 2027 წელს გამოთვლითი სიმძლავრის დამატებით 10 გიგავატით გაზრდას განიხილავს, თუმცა ამისთვის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა, გაგრილების სისტემები და ელექტრომოწყობილობები მნიშვნელოვან შეზღუდვებად რჩება.

Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, 2026 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, მასკის ქონება $925 მილიარდად იყო შეფასებული, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აქცევს. 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მასკს SpaceX-ის 48.4% და Tesla-ს დაახლოებით 20% ეკუთვნოდა. ამის გათვალისწინებით, პოტენციური გაერთიანების შედეგად მან ახალ კომპანიაში შესაძლოა დაახლოებით მესამედი წილი მოიპოვოს.

წყარო: forbes.ge