აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას „აზერბაიჯანის კანონებისადმი დამორჩილება“, ხოლო ყარაბაღის ლიდერს არაიიკ ჰარუთუნიანს – „დანებება“ შესთავაზა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„თითქოს იქ პარლამენტი მოქმედებს. ვითომ არის პრეზიდენტი, მინისტრი, ეს ყველაფერი სასაცილოა. ჩვენ უბრალოდ მოთმინებას ვავლენთ. თუმცა კი, ყველასთვის კარგად ცნობილია ჩვენი დღევანდელი ყველა შესაძლებლობა, ამ რეგიონში განვახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია. ამიტომ, პარლამენტი უნდა დაითხოვოს ელემენტი, რომელიც საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს, უნდა დანებდეს, ყველა მინისტრმა, მოადგილემ და სხვამ უკვე უნდა დატოვონ თანამდებობები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დათმობაზე წასვლა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ რაიმე სახის ამნისტიაზე“ , - განაცხადა ალიევმა ქალაქ ლაჩინში დაბრუნებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები ბაქოში ორჯერ იყვნენ მიწვეული და „მესამე მოწვევა არ იქნება".
„ჩვენ იქ დელეგაცია გავგზავნეთ. ჩემმა წარმომადგენელმა მათთან პირველი შეხვედრა იქ გამართა, რის შემდეგაც ბაქოში მოვიწვიეთ - მობრძანდით, ვილაპარაკოთ. მათ უარი განაცხადეს. ამის შემდეგ ისინი მეორედ მოვიწვიეთ ბაქოში - ანუ ყარაბაღში მცხოვრები სომხური უმცირესობის წარმომადგენლები. ამაზეც უარი თქვეს. მესამე მოწვევა არ იქნება. ან თვითონ მოვლენ თავმდაბლად, ან მოვლენები სხვა მიმართულებით განვითარდება. ამიტომ, მათ შეუძლიათ ამნისტიის ქვეშ მოექცნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნებაყოფლობით დატოვებენ ყველა ფიქციურ თანამდებობას და მიმართავენ აზერბაიჯანის მოქალაქეობას“, - დასძინა მან.
ალიევის სიტყვებზე კომენტირებისას ყარაბაღის ე.წ. ლიდერის პრესმდივანმა, ლუსინე ავანესიანმა განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები „უკანონოა“ და მიზნად ისახავს ძალისხმევის ჩაშლას, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფას სამხრეთ კავკასიაში.