სამხრეთ კორეის ტელეარხი MBC იტყობინება, რომ Hyundai Motor სანქტ-პეტერბურგში ქარხანას ყიდის და სავარაუდოდ საწარმოს ყაზახურ კომპანიას მიყიდის. მედიის ცნობით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
ტელეარხმა არ მიუთითა, რომელ ყაზახურ კომპანიას მიყიდის Hyundai Motor-ი ქარხანას, მაგრამ როგორც რუსული მედია წერს, სატელევიზიო სიუჟეტში Astana Motors-ის ლოგო ჩანს.
Astana Motors-ი ამ ინფორმაციას უარყოფს. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთში ქარხნის ყიდვას არ გეგმავენ და Hyundai-სთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვთ.
„ჩვენ ვავითარებთ ავტო წარმოებას ყაზახეთში, გვაქვს ამოცანა, გავაღრმაოთ ლოკალიზაცია და გავზარდოთ მცირე კვანძის მეთოდით წარმოებული მოდელების რაოდენობა (შედუღება და შეღებვა). გარდა ამისა, წელს კომპანია ალმათის სამრეწველო ზონაში Hyundai-სთვის ავტო კომპონენტების - მანქანის სავარძლების, პოლიურეთანის ხალიჩების, ფარფლის ლაინერების, ტალახის დამცავი და მულტიმედიური სისტემების წარმოებას იწყებს“, - განმარტავს Astana Motors-ი.