უცხოურმა ბიზნესმა რუსეთში კვლავ დაიწყო თავისი აქტივების გაყიდვა და რუსული ბაზრის დატოვება. ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსული რუბლის კურსზე. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
მიმდინარე წელს უცხოური კომპანიების მიერ აქტივების გაყიდვების სერიამ ხელი შეუწყო, დოლართან მიმართებაში, რუბლის 9%-ით გაუფასურებას, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია განვითარებადი ბაზრის ვალუტებს შორის.
რუსეთის ბანკი და მთავრობა რუსეთიდან გასული უცხოური კომპანიების მიერ ვალუტის შესყიდვაზე ლიმიტის დაწესებას ცდილობენ. რუსეთის ცენტრალურ ბანკს სურს, თავიდან აიცილოს რუბლის მკვეთრი ვარდნა და, შესაბამისად, რეგულირების გამკაცრებას გეგმავს, იტყობინება Bloomberg-ი.
„წლის დასაწყისიდან რუბლი სუსტდება, რადგან იმპორტის განახლებამ და უცხოური აქტივების გაყიდვების სერიამ გამოიწვია მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. მეორეს მხრივ, მოსკოვის ბირჟაზე დოლარის ლიკვიდურობა დაბალია, ხოლო საექსპორტო შემოსავლები მცირდება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო ფართომასშტაბიანი სანქციების ფონზე“, - წერს Bloomberg-ი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ შემოღებული კრემლის წესების მიხედვით, უცხოელ ინვესტორებს ეკრძალებათ რუსეთში თავიანთი აქტივების გაყიდვა სპეციალური სამთავრობო კომისიის თანხმობის გარეშე. თანხმობის მისაღებად, უნდა გაყიდოთ ბიზნესი საბაზრო ღირებულების მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით და გადაიხადოთ შენატანი რუსეთის ბიუჯეტში.