„ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორზე საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა განუსაზღვრელი ვადით ექნება“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ისრაელს განუსაზღვრელი ვადით დაეკისრება საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ ვნახეთ, რა ხდება იმ დროს, როცა ის არ გვაქვს. როდესაც ჩვენ არ გვაქვს ეს პასუხისმგებლობა უსაფრთხოების შესახებ, ჩვენ გვაქვს „ჰამასის“ ტერორის ამოფრქვევა ისეთი მასშტაბით, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაეთანხმება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოწოდებას ჰუმანიტარული პაუზების შესახებ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეწინააღმდეგება გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ ეს იქნება „ჰამასთან“ ბრძოლაში დანებება.
„რაც შეეხება პრაქტიკულს, მცირე პაუზები – ერთი საათი აქ, ერთი საათი იქ, ჩვენ ისინი ადრეც გვქონდა. ჩვენ შევამოწმებთ გარემოებებს, რათა მივცეთ საშუალება ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად ან ჩვენი მძევლების, ცალკეული მძევლების გამოსაყვანად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
როგორც NBC News აღნიშნავს, ამ განცხადებით ნეთანიაჰუ გახდა ისრაელის პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც დაადასტურა, რომ იერუსალიმი დათანხმდა ბრძოლის დროებით შეჩერებას.