გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ (Demokraatit) მოიპოვა, მას 29.9%-იანი მხარდაჭერა აქვს. 2021 წლის შემდეგ პარტიის მხარდაჭერა 9.1%-ით არის გაზრდილი, პარტია გრენლანდიის დანიისგან ნელი ტემპით გამოყოფას ემხრობა. მეორე ადგილი, 24.5%-ით დაიკავა ოპოზიციურმა პარტია „ნალერაქმა“, რომელიც გრენლანდიის სწრაფ დამოუკიდებლობას ემხრობა.

„ხალხს სურს ცვლილებები. ჩვენ გვსურს მეტი ბიზნესი, ფინანსები და კეთილდღეობა. ჩვენ არ გვინდა დამოუკიდებლობა ხვალვე, ჩვენ გვინდა კარგი საფუძველი“, – განაცხადა პარტია „დემოკრატიის“ ლიდერმა იენს-ფრედერიკ ნიელსენმა.

ხმათა 36% მიიღო მმართველი პარტიის „Inuit Ataqatigiit“-სა და პარტია „Siumut“-ის კოალიციამ.

„ჩვენ ვცემთ პატივს არჩევნების შედეგებს“, – დაწერა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ განიხილავს კოალიციის შექმნის თაობაზე ნებისმიერ წინადადებას.

საპარლამენტო არჩევნები გრენლანდიაში 11 მარტს ჩატარდა.

არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა.

პირველი არხი