გერმანიაში მანიკიურის სალონში ჩვეულებრივი ვიზიტი მომავალში შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზეზი გახდეს. საუბარი არ არის თავად მანიკიურის აკრძალვაზე. ახალი ინიციატივა იმ კლიენტებს შეეხება, რომლებიც აშკარა ნიშნებით ხედავენ, რომ სალონში თანამშრომლებს არაკეთილსინდისიერად ექცევიან, თუმცა მომსახურებას მაინც იყენებენ და თანხას იხდიან.

გერმანიის მთავრობას ამ გზით სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანების უკეთ დაცვა სურს. დღეს კანონის წინაშე პასუხისმგებლობა ძირითადად ბიზნესის მფლობელებს ეკისრებათ, რომლებიც თანამშრომლების შრომის ხარჯზე სარგებელს იღებენ. ახალი წესის მიღების შემთხვევაში კი პასუხისგებაში შესაძლოა კლიენტებიც მიეცნენ, თუ მათ იციან, რომ თანამშრომელი დაბალ ხელფასზე მუშაობს, ზეგანაკვეთურად შრომობს ან სოციალური დაცვით არ სარგებლობს.

ინიციატივის ავტორები ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად სწორედ მანიკიურის სალონებს ასახელებენ. გერმანიაში სტანდარტული მანიკიური, როგორც წესი, 20-დან 40 ევრომდე ღირს. თუ მომსახურების ფასი საეჭვოდ დაბალია, ეს შესაძლოა მიუთითებდეს თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე და სოციალური დაზღვევის არარსებობაზე.

კანონმდებლების შეფასებით, როცა კლიენტი ხედავს, რომ დასაქმებულის უფლებები ირღვევა, მაგრამ მაინც რეგულარულად სარგებლობს ასეთი მომსახურებით, ის მოთხოვნით ფაქტობრივად შრომითი კანონმდებლობის დარღვევას უწყობს ხელს.

გერმანიის პარლამენტში აცხადებენ, რომ ინიციატივას მხარდაჭერა აქვს. თუ კანონი დამტკიცდება, ახალი წესები შესაძლოა უკვე მიმდინარე წელს ამოქმედდეს.

euro-pulse.ru