2030 წლიდან ევროკავშირის ქვეყნების კაფეებში, რესტორნებსა და სასტუმროებში კეტჩუპის, კარაქისა და ნაღების პატარა, ერთჯერადი პორციული შეფუთვები აღარ იქნება. ევროკავშირი ამ ნაბიჯით ნარჩენების ზრდის შეჩერებას და ერთჯერადი პლასტიკის გამოყენების მნიშვნელოვნად შემცირებას ცდილობს.

ასეთი შეფუთვების გადამუშავება განსაკუთრებით რთულია, რადგან ისინი სხვადასხვა ტიპის პლასტიკისგან მზადდება. თითოეულ მასალას გადამუშავებისთვის განსხვავებული პროცესი სჭირდება, ამიტომ ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ეს პატარა პაკეტები, როგორც წესი, შერეულ ნარჩენებში ხვდება.

აკრძალვა ყველა სფეროს არ შეეხება. ინდივიდუალური შეფუთვები დროებით დარჩება იმ საკვებსა და ყავაზე, რომელსაც მომხმარებელი თან წაიღებს. გამონაკლისი დაშვებულია საავადმყოფოებისა და მოხუცთა სახლებისთვისაც, სადაც შაქრის, ნაღებისა და კეტჩუპის პორციული შეფუთვები ჰიგიენური მიზეზებით საჭიროდ ითვლება.

ევროკავშირმა ერთჯერადი პლასტიკის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო. მაშინ შეზღუდვები შეეხო პლასტიკის იმ სახეობებს, რომლებიც ევროპულ ზღვებსა და მსოფლიო ოკეანეში ყველაზე ხშირად ხვდება — მათ შორის ერთჯერად დანა-ჩანგალს, თეფშებს, ჭიქებს, საწრუპებს, ყავის მოსარევ ჩხირებს და ზოგიერთი ტიპის საკვების პლასტიკურ კონტეინერებს.

ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის ევროკავშირში პლასტიკის ნახევარზე მეტი უნდა გადამუშავდეს, ხოლო ყველა პლასტიკური შეფუთვა ან მარტივად გადამუშავებადი, ან მრავალჯერადი გამოყენებისთვის შესაფერისი უნდა იყოს.

euro-pulse.ru