უზბეკეთი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით და საინვესტიციო შესაძლებლობებით ინტერესდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის მხრიდან განსაკუთრებით გამოკვეთილია ინტერესი ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სექტორების მიმართ.

უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს და უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, ასევე ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.

ქვრივიშვილის თქმით, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შორის არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა, რომელთა მიზანიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების რეალური გაძლიერებაა.

შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორმა სახელმწიფომ ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. განსაკუთრებით კი გამოიყო ვაჭრობა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორები, ისევე როგორც ტურიზმის სექტორი. სწორედ აქედან გამომდინარე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა და ზოგადად, საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმყოფებით ანაკლიასა და ფოთში, სადაც ადგილზე დავათვალიერეთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში უკვე არის შექმნილი და ამავდროულად, მიმდინარე სამშენებლო პროცესი, რომელიც აქტიურ ფაზაშია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. რის შედეგადაც, 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველ ფაზას დავასრულებთ და მივიღებთ პირველ გემს“, აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, უზბეკეთთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთვის რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. საუბარია სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე, უზბეკეთიდან პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე, ტურისტული ნაკადების გააქტიურებასა და საქართველოს მიმართულებით ტვირთბრუნვის გაზრდაზე. ქვრივიშვილის თქმით, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს როლის ზრდას შუა დერეფნის კონტექსტში.