„საქართველოში დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 10 წელიწადში 1.5-ჯერ არის გაზრდილი,“ - რადიოგადაცემაში „საქმე“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული პრობლემების შესახებ საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, საუბარია 2014 წლის მოსახლეობის აღწერისა და 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგებს შორის პერიოდზე.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის შედეგები.
„საქსტატის“ განახლებული აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8%-ით ანუ 215 777 კაცით მეტია.
2024 წლის აღწერის შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ ათი წლის განმავლობაში ქალაქის ტიპის მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად - 15,7%-ით არის გაზრდილი, სოფელში კი სულ უფრო ცოტავდება და 2014 -2024 წლებში კლებამ 7,4% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 111 ათასზე მეტი ადამიანია.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს 4 მლნ-მდე მოსახლეობის 62% ანუ 2 442 231 კაცი ქალაქში ცხოვრობს, ხოლო 38% ანუ 1 487 350 კაცი სოფლის ტიპის დასახლებებში.
„სოფლის მოსახლეობა მცირდება - ეს პროცესი შეუქცევადია”
ამასთან, საქსტატის ცნობითვე, საქართველოში სულ 3 617 სოფელია, აქედან 3 417 დასახლებული, ხოლო 200 დაუსახლებელი.
ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში 278 სოფელია ისეთი, სადაც 10 და ნაკლები კაცი ცხოვრობს. შედარებისთვის, 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში ასეთი 255 სოფელი იყო.
„სოფლის მოსახლეობა მცირდება და ეს პროცესი, სამწუხაროდ, შეუქცევადია. დაცარიელებული სოფლების რაოდენობა წინა {2014 წლის აღწერასთან შედარებით, 1.5-ჯერ გაიზარდა.
სოფლად მცხოვრებთა მედიანური ასაკი ბევრგან უკვე გადასცდა ქალთა ფერტილობის ზედა ასაკს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბუნებრივი მატება მხოლოდ საკუთარი ძალებით იქნეს დაძლეული,“ - განაცხადა სოსო არჩვაძემ.