ევროპის კავშირი ჩინეთიდან იმპორტირებულ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილებზე დამატებითი ტარიფების დაწესებისთვის ემზადება. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Handelsblatt ავრცელებს, რომელიც წყაროებად მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს ასახელებს.
გამოცემის ცნობით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ევროკომისია მზად არის, ახალი რეგულაციები მოკლე დროში აამოქმედოს, თუ ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა დაუჭერს მხარს. ამ ეტაპზე ბრიუსელი ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
მოსალოდნელი ტარიფების სამიზნე, პირველ რიგში, ჩინური ავტოინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, მათ შორის BYD, Chery და SAIC. ახალი ზომები შესაძლოა იმ პოლიტიკის გაგრძელება იყოს, რომელიც ევროკავშირმა 2024 წელს ჩინეთში წარმოებულ სრულად ელექტრულ ავტომობილებზე დამცავი ტარიფების დაწესებით დაიწყო.
ევროკავშირში განმარტავენ, რომ საკითხი მხოლოდ ავტობაზარს არ ეხება. ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტი, ევროპული მწარმოებლების კონკურენტუნარიანობა და კრიტიკულ ნედლეულზე, მათ შორის იშვიათი მიწების მინერალებზე, დამოკიდებულების შემცირება ბრიუსელისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევა ხდება.
თუ ინიციატივა დამტკიცდება, ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების ევროპულ ბაზარზე შესვლა შესაძლოა გაძვირდეს, რაც კონკურენციასაც შეცვლის და მომხმარებლებისთვის ფასებზეც აისახება.