ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციებმა გასული კვირა ზრდით დაასრულა. საუბარია სამ კომპანიაზე, რომელთა მეშვეობითაც საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი: Lion Finance Group PLC-ზე, იგივე „საქართველოს ბანკზე“, „თიბისი ბანკის ჯგუფსა“ და „საქართველოს კაპიტალზე“.

გასული კვირის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ზრდა „საქართველოს კაპიტალის“ აქციებმა აჩვენა. კომპანიის აქციების ფასი 16.09%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ღირებულებამ 45.10 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.10 მილიარდ გირვანქა სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი 45.95%-ით არის გაზრდილი.

ზრდა დაფიქსირდა Lion Finance Group PLC-ის, იგივე „საქართველოს ბანკის“ აქციებზეც. კომპანიის აქციების ფასი კვირის განმავლობაში 8.10%-ით გაიზარდა და ერთი აქცია 117.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.78 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ხოლო ბოლო ექვს თვეში აქციების ღირებულება 27.51%-ით არის მომატებული.

რაც შეეხება „თიბისი ბანკის ჯგუფს“, მისი აქციების ღირებულება 3.13%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 46.08 გირვანქა სტერლინგია, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.54 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციები 15.78%-ით არის გაძვირებული.

ამ მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიებიდან ყველაზე დიდი ზრდა „საქართველოს კაპიტალმა“ აჩვენა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით კვლავ ყველაზე მსხვილი კომპანია Lion Finance Group PLC, იგივე „საქართველოს ბანკია“.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Galt & Taggart