„ხარისხის კონტროლის სრული ციკლის ერთი უწყების მიერ განხორციელება უზრუნველყოფს ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ალკოჰოლური სასმელის ხარისხის ეფექტიან კონტროლს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

ღვინის მოხმარების კლებასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების ფონზე, მთავარ პრიორიტეტად რჩება ღვინის ხარისხზე ზრუნვა. ხარისხის კონტროლი იწყება ვენახის გაშენებიდან და გრძელდება წარმოებით და პროდუქტის ბაზარზე განთავსებით, რაც მომავალი წლიდან ერთი უწყების ქვეშ მოექცევა“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, 2027 წლის 1 ივნისიდან ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ალკოჰოლიანი სასმელის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის სახელმწიფო კონტროლს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. ამჟამად, აღნიშნულ კონტროლს ახორციელებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს