სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტი წარმატებით გაიარა და ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიაში მოქმედი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს.
სასერტიფიკატო აუდიტი დამოუკიდებელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, TÜV Rheinland-მა განახორციელა. TÜV Rheinland-ი, 150 წელზე მეტია, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ აუდიტორულ ინსტიტუტს წარმოადგენს ინსპექტირების, ტესტირებისა და სერტიფიცირების სფეროში.
ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატის ფლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ალდაგის, როგორც უმაღლესი სტანდარტების მქონე და პასუხისმგებლიანი ორგანიზაციის რეპუტაციას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. გლობალურად აღიარებული სტანდარტის დაკმაყოფილება კომპანიისთვის ქმნის დამატებით კონკურენტულ უპირატესობას, ზრდის ინსტიტუციურ ნდობას და ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებას.
ამასთანავე, სერტიფიცირებული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა ალდაგს საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად და მაქსიმალურად დაცულ გარემოში განავითაროს ახალი, ინოვაციური ციფრული პროდუქტები და სერვისები, რაც საბოლოოდ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული და უსაფრთხო გამოცდილების შექმნას ემსახურება.
“ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატის მოპოვება ჩვენთვის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მიღწევა, არამედ მკაფიო დასტურია, რომ ალდაგში ინფორმაციული უსაფრთხოება და მომხმარებლის მონაცემების დაცვა უცვლელი სტრატეგიული პრიორიტეტია. სერტიფიკატი ზუსტად ასახავს ჩვენს მიდგომასა და პასუხისმგებლობას მუდმივად ავამაღლოთ უსაფრთხოების ნორმები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შევქმნათ დაცული გარემო და ვიყოთ საიმედო, ძლიერი პარტნიორი თითოეული მომხმარებლისთვის,“ - აცხადებენ ალდაგში.