Google-მა ევროკავშირთან მრავალწლიანი სამართლებრივი დავა საბოლოოდ წააგო. ევროკავშირის სასამართლომ Alphabet-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისათვის €4.1 მილიარდის ოდენობის ჯარიმა ძალაში დატოვა. კომპანიას ჯარიმა Android-ის ოპერაციული სისტემის ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის დაეკისრა.

საქმე სათავეს 2018 წლიდან იღებს, როდესაც ევროკომისიამ Google €4.34-ი მილიარდით დააჯარიმა. კომისიის შეფასებით, კომპანია სმარტფონების მწარმოებლებს ავალდებულებდა Android-ზე წინასწარ დაეყენებინათ Google Search-ი, Chrome-ის ბრაუზერი და Google Play Store-ი, ამასთან, კონკურენტული ოპერაციული სისტემების გამოყენებას ზღუდავდა.

2022 წელს ქვედა ინსტანციის სასამართლომ ჯარიმა €4.34 მილიარდიდან €4.1 მილიარდამდე შეამცირა, თუმცა Google-მა გადაწყვეტილება კვლავ გაასაჩივრა. საბოლოოდ, ევროკავშირის სასამართლომ კომპანიის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სასამართლოს განცხადებით, Google-მა Android-ის ეკოსისტემაში დომინანტური პოზიცია ბოროტად გამოიყენა, რის გამოც კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმა ძალაში დარჩა.

Google-ის წარმომადგენლის განცხადებით, სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა კომპანიის ინვესტიციები, რომლებიც Android-ის ღიაობის, თავსებადობისა და უფასო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განხორციელდა. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს შეცვალეს ხელშეკრულებები ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად და მომავალშიც ინოვაციებსა და ღია ეკოსისტემის განვითარებაზე მუშაობას გააგრძელებენ.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში Google-ს ევროკავშირში სხვადასხვა საქმეზე ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის ჯამში თითქმის €11 მილიარდის ოდენობის ჯარიმები აქვს დაკისრებული.

მიუხედავად იმისა, რომ €4.1 მილიარდი Alphabet-ის წლიური მოგების 3%-ზეც ნაკლებს შეადგენს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა სხვა მარეგულირებლებსა და კომპანიებსაც მისცეს ბიძგი, Google-ის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელები შეიტანონ.

მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს. შვედეთის სასამართლომ ოთხშაბათს Google-ს ფასების შედარების პლატფორმა PriceRunner-ის სასარგებლოდ დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. კომპანია ამჟამად Klarna-ს ეკუთვნის.

ამასთან, Google-ს ევროკავშირში ახალი სანქციებიც ემუქრება. კომპანია გამოძიების ქვეშ იმყოფება ეჭვების გამო, რომ ძიების შედეგებში საკუთარ სერვისებს კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს, ასევე აპლიკაციების მაღაზიასთან (app store) დაკავშირებული პრაქტიკის გამო. ორივე საქმე Digital Markets Act-ის ფარგლებში განიხილება, რომლის მიზანიც ბაზარზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მონოპოლიის შეზღუდვაა.

წყარო: forbes.ge