მსოფლიო ჩემპიონატი, საფეხბურთო გულშემატკივრობის გარდა, სტილისა და ესთეტიკის დაპირისპირებაც არის. ვნახოთ, 10 საუკეთესოდ ჩაცმული ნაკრების ფორმები.

გერმანია

ნაკრების ძირითადი ფორმა მართალია ტრადიციული და წინამორბედების იდენტურია, თუმცა გერმანია ამ სიაში სათადარიგო ეკიპირების წყალობით მოხვდა. მუქი ლურჯი მაისური ფირუზისფერი დეტალებით საოცრად დახვეწილ, მშვიდ და ვიზუალურად საინტერესო კონტრასტს ქმნის.

ნორვეგია

ნორვეგიის გუნდმა ინსპირაცია ეროვნული დროშიდან აიღო. მათი გულშემატკივრები, თავიანთი ვირუსული ნიჩბოსნობის პერფორმანსებით, ნიუ-იორკის ქუჩებში ნამდვილ მოძრავ დროშებად იქცნენ. გარდა ამისა, მაისურებზე ფეხბურთელების სახელები სკანდინავიური რუნული ანბანის სტილში შექმნილი სპეციალური შრიფტითაა დაწერილი, რაც ქვეყნის ისტორიის ერთგვარი პატივისცემაა.

შვეიცარია

შორიდან ეს ფორმა შეიძლება უბრალო წითელ მაისურად მოგეჩვენოთ, თუმცა ახლოდან დაკვირვებისას მასზე ქვეყნის ტოპოგრაფიული რუკა იკვეთება. ეს არის ერთგვარი ოდა მათი საკულტო ბუნებრივი ლანდშაფტისა და ტექნოლოგიური პროგრესისადმი.

იაპონია

იაპონიამ ამომავალი მზის სიმბოლო ლურჯ ბაზაზე თეთრი ზოლებით გადმოსცა და გახდა იმ იშვიათ ნაკრებთაგან, რომელმაც დიზაინში მხოლოდ საკუთარი დროშის ფერები არ გამოიყენა. თუმცა, მათი ნამდვილი საფირმო ნიშანი სათადარიგო ფორმაა – თეთრი მაისური 12 სხვადასხვა მკვეთრი ფერის ზოლით, სადაც თითოეული ზოლი მოედანზე მყოფ 11 ფეხბურთელსა და ერთგულ გულშემატკივრებს განასახიერებს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ვიზუალურად ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი და თვალში საცემი დიზაინი სწორედ ამ ნაკრებს ეკუთვნის. მათი ღია ლურჯი ფორმა ლეოპარდის პრინტითა და წითელი დეტალებითაა გაფორმებული, სათადარიგო თეთრი მაისური კი გეომეტრიული ორნამენტებით აგრძელებს კულტურულ ხაზს.

საფრანგეთი

გასაკვირი არ არის, რომ საუკეთესოდ ჩაცმულთა სიაში მოდის ინდუსტრიის გული – საფრანგეთიც მოხვდა. დიზაინერების მიერ ნაკრების საკულტო ელემენტის, თეთრი საყელოს დაბრუნება დიდ მოწონებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის ვერსია უფრო ელეგანტური იყო, 2026 წლის ეს განახლება კლასიკურ სტილს თანამედროვე ეპოქაში იდეალურად აცოცხლებს.

კაბო-ვერდე

ტურნირის მოულოდნელი აღმოჩენა და მოსახლეობის მიხედვით ყველაზე პატარა მონაწილე კაბო-ვერდეა, რომელმაც სადებიუტო ჩემპიონატზე აუტსაიდერის პოზიციიდან გულშემატკივრების გული უკვე მოიგო. მათი ფორმის სამკუთხა პრინტები იმ საჰაერო გზებს განასახიერებს, რომლებიც აფრიკის სანაპიროსთან მდებარე 10 ვულკანურ კუნძულს აკავშირებს. დამატებითი პლუსი კი ისაა, რომ ეკიპირება ამერიკულმა ბრენდმა Capelli Sport-მა შექმნა, რომელიც ტურნირზე ასევე პირველად გამოჩნდა.

აშშ

ამერიკული დროშის ინსპირაციით შეიქმნა აშშ-ის ფორმაც – წითელ-თეთრი ზოლები ისეა შეთამაშებული, რომ მოფრიალე დროშის დინამიკურ ეფექტს ქმნის. სათადარიგო შავ მაისურს კი ვარსკვლავები ამშვენებს, რაც ამ იდეას სრულყოფილად აგვირგვინებს.

ბრაზილია

ბრაზილიის ყვითელი ფორმა იმდენად ცნობილია, რომ სპორტის მიღმაც მოდის სასურველ ნივთად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში, მაგალითად 1994 წელს, ბევრად უფრო საინტერესო ვერსიები გვინახავს, მისი საკულტო სტატუსი რეიტინგში ადგილს უპირობოდ უზრუნველყოფს, თუმცა არა პირველ პოზიციაზე.

მექსიკა

სიის სათავეში მექსიკაა, რომლის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში გადაწყვეტილმა ფორმამ ნაკრებს მეტსახელი „ელ ტრი“ შესძინა. დიზაინმა აცტეკების უძველესი ორნამენტები გააცოცხლა, რამაც საოცარი პოპულარობა მოიპოვა და მაღაზიებში მისი მარაგი თითქმის სრულად ამოიწურა.

წყარო: Fastcompany;  www.marketer.ge