ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, გერმანია თავშესაფრის მაძიებელთათვის ევროკავშირის ყველაზე პოპულარული სახელმწიფო აღარ არის. კერძოდ, ამ პერიოდში თავშესაფრის მიღების მოთხოვნა უფრო მეტი რაოდენობით ესპანეთმა და საფრანგეთმა მიიღეს.

მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში თავშესაფრის მაძიებლებისათვის გერმანია ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი იყო. 2025 წლის ივნისის ბოლოსთვის კი ქვეყანამ მხოლოდ 70,000 განაცხადი მიიღო. შედარებისთვის 78,000 განაცხადა მიიღო საფრანგეთმა, ესპანეთმა კი – 77,000.

მთლიანობაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში და ნორვეგიასა და შვეიცარიაში 23%-ით შემცირდა. ჯამში 2025 წლის ივნისის ბოლოსთვის 399,000 განაცხადი დარეგისტრირდა.

განსაკუთრებით დიდი კლება სირიის მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებში შეინიშნება. ასადის რეჟიმის დამხობის ფონზე, სირიის მოქალაქეებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 25,000-ით ნაკლები განაცხადი დაარეგისტრირეს.

2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში, შესაბამისად 43%, 25% და 13%-ით ნაკლები განაცხადი დარეგისტრირდა. ჯამში აღნიშნულ ქვეყნებზე საფრანგეთთან ერთად თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების ¾ მოდის.

თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში არა სირიაზე, არამედ ვენესუელაზე მოდის. ამ პერიოდში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვენესუელის 49,000-მა მოქალაქემ მიმართა. EUAA-ის მონაცემებით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ეს პოზიცია სირიას ეკავა. თუმცა სირიაში რეჟიმის შეცვლამ აღნიშნული სურათი შეცვალა.

forbes.ge