მაკგილის უნივერსიტეტის (კანადა) მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სირბილი, ველოსიპედით სიარული ან მოკლე ვარჯიში შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური გზა ძილის უკმარისობის შედეგებთან საბრძოლველად სულ რაღაც 20 წუთში, – ამის შესახებ The Independent–ი წერს.
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 54 ჯანმრთელი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც ლაბორატორიაში ზედიზედ 30 საათის განმავლობაში ფხიზლად იყვნენ. შემდეგ ისინი სამ ჯგუფად დაიყვნენ: პირველი ჯგუფი 20 წუთის განმავლობაში ველოსიპედს მართავდა, მეორე ჯგუფს 90 წუთის განმავლობაში ეძინა, ხოლო მესამე ჯგუფი არც ერთს არ აკეთებდა და საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა.
შემდეგ მონაწილეებს აჩვენეს სურათების სერია და სამი დღის შემდეგ დაბრუნდნენ მეხსიერების ტესტის ჩასაბარებლად. ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ ძილის ნაკლებობით გამოწვეული მეხსიერების დაკარგვის წინააღმდეგ ბრძოლაში 20 წუთიანი ვარჯიში ისეთივე ეფექტური იყო, როგორც 90 წუთიანი ძილი.
ავტორებმა აღნიშნეს, რომ ამ ორ მეთოდს ტვინზე განსხვავებული გავლენა აქვს. დღისით ძილი, როგორც ჩანს, ტვინის „გადატვირთვას“ უწყობს ხელს, რაც ახალი ინფორმაციის ათვისებას აადვილებს. მაშინ როცა ვარჯიში ტვინს „დარჩენილი რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებაში“ ეხმარება.
ვარჯიში ძილს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ მას შეუძლია დაეხმაროს ადამიანს უკეთ ფუნქციონირებაში, როდესაც ძილი ხანმოკლეა ან როდესაც სადილის შესვენების დროს 90-წუთიანი ძილი შეუძლებელია.