ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა აკრძალა .
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 11 აპრილს ფინეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მთავრობის წინადადებას, რომ რუსეთის მოქალაქეებს სრულიად აეკრძალოთ უძრავი ქონების შეძენა.
როგორც ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი, განმარტავს, გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება და მისი ფართო მხარდაჭერა ეროვნული ერთსულოვნების მნიშვნელოვანი დემონსტრაციაა. მისივე ინფორმაციით, მზადდებს სამთავრობო რეზოლუცია, რომელშიც საფრთხის წარმომადგენელი ქვეყნების სია გაიწერება. ფინეთი მუშაობს ასევე კანონმდებლობაზე, რომელიც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერიოს უკვე შეძენილი უძრავი ქონების საკითხებში.
„გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. გადაწყვეტილება მკაფიო მესიჯს აგზავნის: ფინეთის დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ”, - განაცხადა ჰაკანენმა.