ფიფა-მ და IFAB-მა (ორგანიზაცია, რომელიც ფეხბურთის წესებს ადგენს) თამაშგარის წესის ცვლილების მიმართულებით მუშაობა ოფიციალურად დაიწყეს. ეს არის ინიციატივა, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი, – ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

ახალი ინტერპრეტაციის მიხედვით, ფეხბურთელი თამაშგარეში მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ იგი მთლიანად უსწრებს ბოლო მცველს. შესაბამისად, მცველთან ერთ ხაზზე ყოფნა ან მცირე უპირატესობა თამაშგარის საფუძველი აღარ იქნება.

არსენ ვენგერი, რომელიც ამჟამად ფიფა-ში ფეხბურთის გლობალური განვითარების მიმართულებას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ წესის ცვლილება შეტევით ფეხბურთს წაახალისებს და მილიმეტრებზე დაფუძნებულ სადავო ეპიზოდებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, თამაშგარე ფიქსირდება მაშინაც, თუ შემტევი მცველზე სულ რამდენიმე მილიმეტრით არის წინ, რაც ხშირად მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის მიზეზი ხდება.

ვენგერის მიერ ინიცირებული რეფორმები, რომლებზეც მუშაობა 2020 წლიდან მიმდინარეობს, 20 იანვარს, ლონდონში, IFAB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე განიხილება. თუ ინიციატივა მხარდაჭერას მიიღებს, საკითხი თებერვალში უელსში დაგეგმილ გენერალურ ასამბლეაზე გადავა, სადაც მისი დამტკიცება, დიდი ალბათობით, ფორმალურ ხასიათს მიიღებს. ცვლილების ამოქმედება 2026/2027 წლების სეზონიდან იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ახალი მიდგომა პრაქტიკაში უკვე გამოიცადა – 2023 წელს იტალიასა და შვედეთში გამართულ ახალგაზრდულ ტურნირებზე, სადაც რეალურ პირობებში შეფასდა, რამდენად ორგანულად ერგება ეს ცვლილება თამაშს.

1tv.ge