28 ივნისიდან ჰელსინკის აეროპორტი თვითმფრინავებით სითხეების ტრანსპორტირებაზე მკაცრ შეზღუდვებს ხსნის. წესების შემსუბუქება შეეხება მხოლოდ იმ მგზავრებს, ვისთვისაც მარშრუტის საწყისი წერტილი ჰელსინკია. ინფორმაციას Avianews-ი ავრცელებს.

ახალი წესებით, ჰელსინკიდან გამგზავრებულ თითოეულ მგზავრს, სავარაუდოდ, 2 ლიტრამდე სითხის ტრანსპორტირება შეეძლება. ამჟამად არსებული წესებით, მგზავრებს 100 მილილიტრზე მეტი მოცულობის სითხის გადატანა არ შეუძლიათ.

მკაცრი შეზღუდვების მოხსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აეროპორტის ოპერატორმა Finavia-მ ტერმინალში კომპიუტერული ტომოგრაფზე დაფუძნებული სკანერები დაამონტაჟა, რომელიც მგზავრების ნივთებს ამოწმებს და მგზავრებს აღარ აიძულებენ, რომ ხელბარგიდან ამოიღონ ელექტრონიკა და სითხეები.

Finavia განმარტავს, რომ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში ამჟამად მხოლოდ რამდენიმე აეროპორტი იყენებს ასეთ ტექნოლოგიებს.

თვითმფრინავებში სითხეზე შეზღუდვები მსოფლიოს აეროპორტებში 2006 წელს უსაფრთხოების მიზნით დაინერგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ დიდ ბრიტანეთში ტერორისტები ხელბარგში არსებული სითხით თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადებას გეგმავდნენ. მიიჩნეოდა, რომ ეს შეზღუდვა ახალი სკანერების გამოგონების შემდეგ მოიხსნებოდა, მაგრამ ახალი ტექნოლოგია აეროპორტებში ფართოდ არ გამოიყენება.