ბრიუგელისა და კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ევროპას შეუძლია, საკუთარი თავი აშშ-ის გარეშე დაიცვას, მაგრამ მეტი კოორდინაცია სჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ახალი კვლევის თანახმად, ევროპას ყოველწლიურად, თავდაცვით ინვესტიციებში 250 მილიარდი ევრო სჭირდება, რათა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება.
ბრიუგელისა და კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს თანხა, რომელიც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-ს შეადგენს, ბლოკს რუსეთისგან თავდაცვის მიზნით დაახლოებით 300 000 ჯარისკაცის მობილიზების საშუალებას მისცემს.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და ერთობლივი შესყიდვები. ამასთან, კვლევა სთავაზობს ევროპის თავდაცვითი ხარჯების გაზრდას ამჟამინდელი 2%-დან, წელიწადში 4%-მდე.
კვლევაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ომის შემდეგ, მოსკოვმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი სამხედრო შესაძლებლობები, მათ შორის უკრაინაში დაახლოებით 700 000 ჯარისკაცის მობილიზებით და ტანკებისა და ჯავშანტექნიკის წარმოების მკვეთრი ზრდით.
კვლევის თანახმად, 50 დამატებითი ბრიგადისთვის ევროპას დასჭირდება 1 400 ახალი ძირითადი საბრძოლო ტანკი და 2 000 ქვეითი საბრძოლო მანქანა, რაც აღემატება გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ბრიტანეთის სახმელეთო ძალების არსებულ მარაგებს.
„ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს მართვადია. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მაგალითად, კოვიდ პანდემიის დროს კრიზისის დასაძლევად საჭირო გახდა“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა, გუნტრამ ვოლფმა.
წყარო: 1 არხი