სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, რომ გაზის მარაგების სწრაფი შემცირება და მოსკოვიდან ბუნებრივი აირის მიწოდების მოსალოდნელი შეფერხებები ევროპაში ახალი ენერგეტიკული კრიზისის წინაპირობას ქმნის. უკრაინაში მიმდინარე ომმა წელს გაზის ფასები დაახლოებით 45%-ით გაზარდა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გაზის ფასები კვლავ 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე დაბალია, ის საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ გააღრმაოს კრიზისი მოსახლეობისთვის და გააძლიეროს წნეხი მწარმოებლებზე, რომლებიც ისედაც განიცდიან სირთულეებს.

სტატიის მიხედვით, ასეთ ვითარებაში მაშველ რგოლს გაზის საცავები ასრულებენ, თუმცა წელს მარაგები სწრაფად მცირდება მას შემდეგ, რაც ყინვამ ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაზარდა.

„ჩვენ კვლავ გვაქვს პრობლემები გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ თუ ნამდვილად გვსურს რუსული გაზისგან დამოუკიდებლობა, გვჭირდება მეტი საიმპორტო სიმძლავრე და, სავარაუდოდ, ამას კვლავ ვნახავთ ამ ზამთარში, რადგან გაზის საცავები საკმაოდ სწრაფად იცლება, ვინაიდან ზამთრის დასაწყისი ცივი იქნება“, – განაცხადა გერმანული ენერგეტიკული კომპანიის, RWE AG-ს გენერალურმა დირექტორმა, მარკუს კრებერმა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამასთან ერთად, ევროპა უკვე ემზადება წლის ბოლოს უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდების შესაძლო შეწყვეტისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა შეამცირა რუსეთზე დამოკიდებულება, გაზის მიწოდების ერთ-ერთი ბოლო მარშრუტის დაკარგვა კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს გაზის ბაზარზე და გამოიწვევს მსოფლიო ფასების მკვეთრ ზრდას. სისტემაზე ზეწოლის კიდევ ერთი უჩვეულო ნიშანია ის, რომ ზაფხულის ფასები, როდესაც გაზი იაფი უნდა იყოს, უფრო მაღალია, ვიდრე ზამთარში. ეს მიუთითებს, რომ ენერგიის ღირებულება უფრო მაღალი დარჩება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და რაც უფრო დაბალი იქნება მარაგების დონე საცავებში ზამთარში, მით უფრო რთული იქნება რეზერვების შევსება“, – წერს „ბლუმბერგი“.

„ეს გვახსენებს 2022 წლის სცენარს, როდესაც ევროკავშირი ნებისმიერ ფასად ყიდულობდა გაზს. მომავალ წელსაც ეს შეიძლება მოხდეს“, – ამბობს Global Risk Management-ის მთავარი ანალიტიკოსი არნე ლომან რასმუსენი.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, ფატიჰ ბიროლის თქმით, ევროპას სჭირდება საკმარისი მარაგები ზამთრის ბოლოსთვის, თუ რუსული საწვავის ტრანზიტი უკრაინის გავლით შეწყდება 2025 წლის პირველ იანვარს.

„და კვლავ ყველაზე მეტად დაზარალდებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, რაც ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, რომელიც ისედაც განიცდის პრობლემებს საავტომობილო, ქიმიურ და მანქანათმშენებლობის სექტორებში“, – განაცხადა „ბლუმბერგთან“ საუბრისას Saxo Bank AS-ის სასაქონლო სტრატეგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ოლე ჰანსენმა.

წყარო: 1 არხი