ევროკომისიამ დღეს, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, ამერიკული სამრეწველო საქონლის, ავტომობილებისა და ავტონაწილების იმპორტზე ტარიფების გაუქმების საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. წინადადების მიზანი ევროპულ ავტომობილებზე შტატების საპასუხო ტარიფების 15 პროცენტამდე შემცირებაა.
წინადადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის 27 ივლისს მიღწეული ჩარჩო-შეთანხმების ძალაში შესვლის წინაპირობაა. შეთანხმების მიხედვით ევროკავშირი სავაჭრო ომის თავიდან ასაცილებლად აშშ-ში ევროპული პროდუქტების იმპორტზე 15%-იან საერთო ტარიფებს დათანხმდა.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ევროკავშირში წარმოებულ ავტომობილებზე ტარიფი 27,5%-დან 15%-მდე შეამციროს. ეს ცვლილება ძალაში იმ თვის პირველი რიცხვიდან შევა, რომელ თვეშიც ევროკავშირი საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს. რადგან ეს წინადადება 29 აგვისტოს წარადგინეს შეერთებულმა შტატებმა ტარიფი აგვისტოშივე უნდა შეამციროს.
ამერიკული ავტომობილების იმპორტზე ნულოვანი ტარიფების გარდა, ევროკავშირი ამერიკას სამრეწველო საქონელზე: ავტონაწილებზე, ხე-ტყეზე და ხის ნაწარმზე, ქაღალდზე, მუყაოზე, კერამიკაზე და ტყავზე არსებული ტარიფების გაუქმებასაც სთავაზობს.
ევროკავშირის წინადადება აშშ-დან ზღვის პროდუქტებისა და გარკვეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მათ შორის თხილის, რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის, გადამუშავებული საკვებისა და ღორის ხორცის იმპორტზე უაქციზო კვოტებსაც შემოიღებს.
ამერიკულ საქონელზე შემცირებული ტარიფების ძალაში შესვლამდე, ევროკომისიის წინადადებები ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ უნდა დაამტკიცონ.
წყარო: 1 არხი