ევროკავშირმა „შაჰედის“ დრონების კომპონენტების მწარმოებელ რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა რუსული კომპანიები და მათი ხელმძღვანელები, რომლებიც ირანული წარმოების „შაჰედის“, რუსული სახელწოდებით კი „გერანის“ ტიპის დრონებისთვის საჭირო კომპონენტების წარმოებაში მონაწილეობენ.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები რუსეთის მიერ ივლისის დასაწყისში კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო თავდასხმებს უკავშირდება.

სანქციები დაუწესდა ABS Electro-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ირინა ხარისოვას, ასევე კომპანიების ჯგუფში შემავალ ხუთ საწარმოს.

ევროკავშირის შეფასებით, ABS Electro და მასთან დაკავშირებული კომპანიები აწარმოებენ ელექტრონულ და რადიოელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო მრეწველობაში, მათ შორის „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებში გამოიყენება.

სანქცირებული კომპანიების ნაწილი ავტომატიზებული მართვის სისტემებითა და სხვა ტექნოლოგიური დანადგარებით რუსეთის ენერგეტიკულ სექტორსაც ამარაგებს.

შეზღუდვების ფარგლებში, სანქციების სიაში შესულ ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. მათი ევროპული აქტივები გაიყინება, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის ფინანსური რესურსების მიწოდება და საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება აეკრძალებათ.

ევროკავშირი აღნიშნული ზომებით რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომარაგების ჯაჭვზე ზეწოლის გაძლიერებას და დრონების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებსა და ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვას ცდილობს.