18 ივლისს, გამთენიისას, აშშ-მა დაარტყა - ცენტრალური და სამხრეთ ირანის არაერთ ნაწილს, მათ შორის - გამანადგურებელი თვითმფრინავების გამოყენებით. ირანმა კი გააგრძელა თავდასხმები სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეებზე.
პროცესები ისედაც მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საწინააღმდეგოდ ვითარდება.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განაცხადებით, მისმა ძალებმა „განახორციელეს დარტყმების მორიგი სერია ირანის წინააღმდეგ... ზედიზედ მეშვიდე ღამის განმავლობაში. დარტყმების მიზანია ირანის სამხედრო შესაძლებლობების შემდგომი დასუსტება მთავარსარდლის მითითებით“.
დაახლოებით ექვსნახევარი საათის შემდეგ, ირანის დროით დილის 5 საათზე, CENTCOM-მა განაცხადა, რომ თავდასხმების ტალღა დასრულდა. დაზუსტდა ასევე, რომ მათ დაარტყეს სათვალთვალო პუნქტებს, სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, იარაღის მიწისქვეშა საცავებსა და საზღვაო ობიექტებს; “აშშ-ის ძალებმა სხვა საშუალებებთან ერთად გამოიყენეს გამანადგურებელი თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები და სამხედრო ხომალდები, სხვა საშუალებებთან ერთად“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ - ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილება მინიმუმამდე შემცირდა.
18 ივლისს ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის ძალების, მათ შორის - გამანადგურებელი თვითმფრინავების მრავალჯერადი თავდასხმების შესახებ - როგორც ჰორმუზის სრუტის გასწვრივ, ასევე მოშორებით - ცენტრალურ, სამხრეთ-დასავლეთ ირანში და სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ხუზესტანის პროვინციაში.
ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი, გენერალ-მაიორი მოჰსენ რეზაი იმუქრება, რომ თეირანი მზად არის განაახლოს „სრულმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები“, თუკი აშშ-ის დარტყმები მის წინააღმდეგ კიდევ 2-3 დღეს გაგრძელდება.
„ირანი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ თანაზომიერი, საპასუხო დარტყმებით... და არცერთი პოლიტიკური საზღვარი აღარ იქნება უსაფრთხოდ“, - განაცხადა რეზაიმ, ირანის საინფორმაციო სააგენტო IRIB-ის ცნობით.
რეგიონში დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავების ფონზე, აშშ-ის მოკავშირე სპარსეთის ყურის არაბულმა ქვეყნებმა გაავრცელეს ინფორმაცია ირანული რაკეტებისა და დრონების თავდასხმების შესახებ, რამაც დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. იუწყებიან ადამიანების დაშავების შესახებაც.
ირანის სააგენტო Tasnim-მა 17 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამხედრო-საზღვაო ძალებმა მიზანში ამოიღეს ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გავლას ცდილობდა.
ირანმა დაადასტურა იმ ქვეყნებზე თავდასხმები, სადაც აშშ-ის ავიაბაზებია განთავსებული, მათ შორის - ბაჰრეინზე, კატარსა და ქუვეითზე; ასევე აშშ-ის ხომალდზე ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.
ქუვეითის არმია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის აგრესიის შედეგად, დრონების სამიზნე გახდა ქუვეითის არმიასთან დაკავშირებული რამდენიმე ობიექტი და ბანაკები, სადაც ქუვეითის სახმელეთო ჯარების რამდენიმე სამხედრო დაშავდა.