2027 წლის აპრილიდან ინგლისში 16 წლამდე პირებისთვის მაღალი კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აიკრძალება. ახალი რეგულაცია შეეხება სასმელებს, რომლებიც ერთ ლიტრზე 150 მილიგრამზე მეტ კოფეინს შეიცავს.
აკრძალვა გავრცელდება მაღაზიებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, ონლაინგაყიდვებსა და სავაჭრო ავტომატებზეც. რეგულაცია არ შეეხება ჩაის, ყავასა და შედარებით დაბალი კოფეინის შემცველ გამაგრილებელ სასმელებს.
კანონის დარღვევის შემთხვევაში ბიზნესებს შესაძლოა 2 500 ფუნტამდე ჯარიმა დაეკისროთ. შესაბამისად, კომპანიებს ასაკის გადამოწმების სისტემების, თანამშრომელთა ინსტრუქციებისა და ონლაინგაყიდვების პროცესების განახლება მოუწევთ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, ინგლისში დაახლოებით 100 000 ბავშვი მაღალი კოფეინის შემცველ ენერგეტიკულ სასმელს ყოველდღიურად მოიხმარს. ხელისუფლება გადაწყვეტილებას ბავშვებში ძილის დარღვევის, შფოთვის, კონცენტრაციის გაუარესებისა და ჭარბი წონის რისკებთან დაკავშირებული შეშფოთებით ხსნის.
ახალი რეგულაცია ენერგეტიკული სასმელების მწარმოებლებსა და გამყიდველებს დამატებით მოთხოვნებს დაუწესებს. ბიზნესებს 2027 წლის აპრილამდე მოუწევთ პროდუქციის ასორტიმენტის გადახედვა და ისეთი კონტროლის დანერგვა, რომელიც არასრულწლოვნებისთვის შეზღუდული სასმელების გაყიდვას გამორიცხავს.
წყაროები:
https://www.bbc.com/news/articles/czrjg0jxkpno
https://www.gov.uk/government/news/childrens-health-further-protected-with-energy-drinks-ban
https://www.theguardian.com/society/2026/jul/16/energy-drinks-high-caffeine-banned-under-16s-england