როგორ აერთიანებს Harvard Graduate School of Education-ის პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლის ლიდერებს საერთო პროფესიულ სივრცეში და რა მნიშვნელობა აქვს ამ გამოცდილებას თანამედროვე სკოლის განვითარებისთვის.

თანამედროვე სკოლის წარმატებას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს არა მხოლოდ ძლიერი აკადემიური პროგრამები, არამედ ისიც, რამდენად ეფექტიანად ახერხებს ლიდერი ორგანიზაციის განვითარებას, ცვლილებების მართვასა და პროფესიული კულტურის გაძლიერებას. სწორედ ამ იდეას ეფუძნება Harvard Graduate School of Education-ის საერთაშორისო პროგრამა Achieving Excellence: Leadership Development for Principals (AEL), რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლის დირექტორებსა და უფროს საგანმანათლებლო ლიდერებს აერთიანებს.

Commersant.ge ესაუბრა პროგრამის ერთადერთ ქართველ მონაწილეს, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორს სალომე დანელიას. ინტერვიუში ის გვიყვება პროგრამის მნიშვნელობაზე, იმ გამოცდილებაზე, რომელსაც საერთაშორისო საგანმანათლებლო ლიდერებთან ერთად იღებს, და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს ცოდნა სკოლის ყოველდღიურ განვითარებაში გადაიზარდოს.

– ამჟამად მონაწილეობთ Harvard Graduate School of Education-ის პროგრამაში Achieving Excellence: Leadership Development for Principals. რას წარმოადგენს ეს პროგრამა?

ეს არის Harvard Graduate School of Education-ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია სკოლის დირექტორებისა და უფროსი საგანმანათლებლო ლიდერებისთვის. მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის დამოუკიდებელი, საერთაშორისო და საჯარო სკოლების ხელმძღვანელები, რომლებიც ყოველდღიურად მართავენ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს და მუშაობენ მათი განვითარების სტრატეგიებზე.

პროგრამა გაცილებით მეტია, ვიდრე აკადემიური კურსი. ეს არის საერთაშორისო პროფესიული სივრცე, სადაც სხვადასხვა განათლების სისტემის ლიდერები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, განიხილავენ თანამედროვე განათლების ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს და რეალურ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს ეძებენ.

– ვინ არიან პროგრამის ლექტორები და რა განასხვავებს ამ პროგრამას სხვა ლიდერული კურსებისგან?

პროგრამას უძღვებიან Harvard Graduate School of Education-ის პროფესორები და მსოფლიოში აღიარებული განათლების მკვლევრები, მათ შორის, Pamela Mason, Monica Higgins, Elizabeth City, Sarah Fiarman, Irma Tyler-Wood და Soo Hong. მათი კვლევები და პრაქტიკული საქმიანობა უკავშირდება სასკოლო ლიდერობას, ორგანიზაციული კულტურის განვითარებას, სწავლებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებელთა პროფესიულ ზრდასა და საგანმანათლებლო ცვლილებების ეფექტიან მართვას.

პროგრამის განსაკუთრებული ღირებულება სწორედ მრავალფეროვან პროფესიულ გარემოშია. დისკუსიებში მონაწილეობენ წარმატებული სკოლებისა და სასკოლო ქსელების ხელმძღვანელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და რეალურ პრაქტიკულ მაგალითებს გვიზიარებენ. ასეთი დიალოგი საშუალებას გვაძლევს, ერთი და იმავე გამოწვევას სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემის პერსპექტივიდან შევხედოთ.

– რა არის მთავარი იდეა, რომელიც უკვე მიიღეთ ამ გამოცდილებიდან?

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გააზრება ის არის, რომ ძლიერი სკოლა მხოლოდ ძლიერი აკადემიური პროგრამით არ იქმნება. მისი წარმატების საფუძველი არის ორგანიზაციული კულტურა, საერთო ღირებულებები და ლიდერთა გუნდი, რომელიც მუდმივად სწავლობს, უსმენს და ვითარდება.

ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ სკოლის ლიდერის მთავარი ამოცანა მხოლოდ მიმდინარე პროცესების მართვა არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მასწავლებლებს აქვთ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა, გადაწყვეტილებები ეფუძნება მონაცემებსა და კვლევებს, ხოლო მოსწავლის ინტერესები ნებისმიერი სტრატეგიული გადაწყვეტილების ცენტრში რჩება.

– როგორ აისახება ეს გამოცდილება ბრიტანულ-ქართულ აკადემიაზე?

საერთაშორისო გამოცდილებას მხოლოდ მაშინ აქვს რეალური ღირებულება, როდესაც ის ყოველდღიურ პრაქტიკაში გარდაიქმნება. ჩემთვის ამ პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს შესაძლებლობას, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და კვლევებზე დაფუძნებული ლიდერული პრაქტიკა ჩვენი სკოლის განვითარებას მოვარგო.

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მუდმივად ვმუშაობთ სწავლებისა და სასკოლო გარემოს განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პროფესიულ კულტურას, თანამშრომლობით ლიდერობასა და იმ მიდგომებს, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში ეხმარება. საბოლოოდ, სწორედ ეს არის ნებისმიერი საგანმანათლებლო ლიდერის მთავარი პასუხისმგებლობა - შექმნას სკოლა, რომელიც თავადაც მუდმივად სწავლობს და ვითარდება.