რუსულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ VK-მ განაცხადა, რომ Google Play Store-დან მისი აპლიკაციები — VK (VKontakte) და Max Messenger — წაიშალა.

კომპანიის ინფორმაციით, უკვე დაინსტალირებული აპლიკაციები მუშაობას აგრძელებს, ხოლო მათი ჩამოტვირთვა კვლავ შესაძლებელია ალტერნატიული პლატფორმებიდან, მათ შორის RuStore, Samsung Galaxy Store და Xiaomi GetApps-დან. ამასთან, Telegram-არხ Mash-ის ცნობით, აპლიკაციები Huawei AppGallery-დანაც გაქრა.

მანამდე, ივლისის დასაწყისში, Max Messenger-ი Apple-ის App Store-იდანაც წაიშალა. Apple-მა გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების შესრულებით ახსნა.

გასულ კვირას ევროკავშირმა სანქციები დაუწესა VK Holding-სა და „Коммуникационная платформа“-ს. ევროკავშირის განმარტებით, Max რუსეთის FSB-ის ზედამხედველობით შეიქმნა და რუსეთის ხელისუფლება მას მომხმარებლებზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებს.

Max Messenger-ის ბეტა ვერსია 2025 წლის მარტში ამოქმედდა, როგორც Telegram-ისა და WhatsApp-ის რუსული ალტერნატივა. თუმცა, მთავრობის მხარდაჭერის მიუხედავად, აპლიკაციამ ფართო პოპულარობა ვერ მოიპოვა. ექსპერტების შეფასებით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ისეთი ფუნქციების არარსებობა, როგორიცაა სრულად გამავალი დაშიფვრა (end-to-end encryption), საიდუმლო ჩატები, თვითგანადგურებადი შეტყობინებები და ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია.